სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ახალი მასალების გამოქვეყნება დააანონსა, სადაც მისი თქმით, დასტურდება რომ “მრავალეროვანი საქართველო” და სუსთან თანამშრომლობენ, ასრულებენ უწყების დირექტივებს და იღებენ პარტიის შავი სალაროდან დაფინანსებას.
გოგაშვილის აღნიშნულ ბრალდებას ადრესატებმა უპასუხეს.
შეურაცხყოფად აფასებს, მაგრამ თანამშრომლობას ადასტურებს „მრავალეროვანი საქართველო“-ს ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი.
“ეს არის ჩემთვის შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ის რაც თქვა გოგაშვილმა, არამედ ისიც, რომ ამ თემაზე საერთოდ ვსაუბრობთ. ვთანამშრომლობთ ყველასთან, დაწყებული სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სხვა სამინისტროებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან, პარლამენტთან, მათ შორის სუსთანაც. მაგალითი შემიძლია გითხრათ, საიდუმლო არ არის, ბოლოს მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ყარაბაღის ომის დროს, ოფიციალური მიწერ-მოწერაც არის, კვლევაც და პრეზენტაციაც გაგვიკეთებია, არამხოლოდ სუსში, ყველა რელევანტურ უწყებაში და მათ შორის საერთაშორისო უწყებებშიც” – ამბობს სტეფანიანი “ტვ პირველის” ეთერში.
სუს-თან თანამშრომლობასა და “ქართული ოცნებისგან” დაფინანსების მიღებაში დადანაშაულებული “საზოგადოებრივი დამცველის” ხელმძღვანელი ირინა ფუტკარაძისთვის კი გოგაშვილის ბრალდება ღიმილის მომგვრელია და შავ პიარად აფასებს.
“მოულოდნელიც იყო და თან არასერიოზული არის, ჩემთვის პირადად, ღიმილის მომგვრელია. არც გავბრაზებულვარ ამაზე. გოგაშვილთან არ მქონია შეხება, როცა დააკავეს უფრო მაშინ გავიგე. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ორგანიზაციას, არავისთან არ ჰქონია მსგავსი თანამშრომლობა. ეს არის შავი პიარი, არანაირი შეხება არ მქონია, ფიზიკურად სად სხედან ეგეც არ ვიცი”, – ამბობს და ამატებს, რომ არ იცის სად არის სუს-ის შენობა.