LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის თავის არიდება.. რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა, თითიდან გამოწოვილი მიზეზია“ – „ოცნების“ დეპუტატები ნაზი ჯანეზაშვილს აკრიტიკებენ

68
ნაზი ჯანეზაშვილი და ოცნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სახალხო დამცველის კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, მან კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა უარი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა გასაუბრებაზე უარი.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასახელებული მიზეზები პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა.

„პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.. ეს არის ერთგვარი შოუ“ – ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა არც ომბუდსმენობის შესარჩევ გასაუბრებაში მიიღებს მონაწილეობას  

„დღეს გავიგეთ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების თაობაზე. ჩვენ ალფაბეტის მიხედვით გავყევით კანდიდატების სიას, ბოლო იყო ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც ჩანს, ასო ჯ-ზე უნდა ჩამოვსულიყავით, რომ გახსენებოდა, იგი არის კანდიდატი და უნდა მობრძანებულიყო დღეს.

თუ ჩართული ხარ ამ პროცესში, გარკვეული პასუხისმგებლობებით ხარ შებოჭილი და უნდა მოიქცე ისე, როგორც ეკადრება მაღალ თანამდებობაზე გასამწესად გამზადებულ ადამიანს. სამწუხაროდ, ამგვარი პასუხისმგებლობა ვერ გამოამჟღავნა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, უარი თქვა გასაუბრებაზე.

რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თავის არიდება პასუხისმგებლობისთვის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ამა თუ იმ კანდიდატის შეფასებისას, ადამიანების წარსული საქმიანობაც ფასდება.

„გირჩი“ პარტიებს სთავაზობს, მხარი დაუჭირონ ხვიჩიას კანდიდატურას, სანაცვლოდ ომბუდსმენის მოადგილეების თანამდებობების დათმობას ჰპირდება

„ასევე, ჩემთვის გაუგებარია მეორე განცხადება, რომ არ არის ვალდებული, პასუხი აგოს წარსულში გაკეთებულ განცხადებებზე. ბუნებრივია, ჩვენ როცა ვაფასებთ ამა თუ იმ კანდიდატს, სწორედ ამ ადამიანების წარსულ საქმიანობას ვაფასებთ, მათ შორის კრიტიკული თვალთახედვით.

ყოველთვის ასე ხდება, ადამიანი ფასდება განვლილი გზით, მგონი, ამაში სიახლე არაფერია. მოვითხოვეთ CV, ჩავიხედეთ ბიოგრაფიებში, თვალი გადაავლეთ მათ აქტივობას სოციალურ ქსელებში. ადამიანებს ცხოვრების წესად გადაექცათ სოციალურ ქსელებში მუდმივად ყოფნა, მოსაზრებების გამოქვეყნება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისი მოსაზრებით, სოციალური ქსელები ადამიანებთან ბრძოლის ველად გადაიქცა, მათ შორის პოლიტიკოსებთან ანგარიშსწორების უზარმაზარ სივრცედ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამას აკეთებენ მათი ოპონენტები ყოველწუთიერად.

„იცით, როგორ იყენებენ სოციალურ ქსელებს და რატომღაც თვითონ აღშფოთდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სწორედ მათ სოციალურ ქსელებს დავაკვირდით და იქ საჯაროდ გამოგონილ განცხადებებს მივაქციეთ ყურადღება. რა არის ამაში აღმაშფოთებელი?

ანუ ვიღაცისთვის შეიძლება სოციალური ქსელების გამოყენება ადამიანების დამუნათებისთვის, ბულინგისთვის, დევნისთვის, შეურაცხყოფისთვის და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, უბრალოდ, როცა კანდიდატებზე ვსაუბრობთ, ვაფასებთ ყველა კუთხით, ყველა მხრიდან ვაფასებთ მათ ნამოქმედარს, ნააზრევს.

ხვიჩია: ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ

ასევე, რა თქმა უნდა, ვიყურებით მათ საჯარო აქტიურობაში. საჯარო გვერდებია, დაფარული ინფორმაცია ხომ არ არის. ეს არის მათი ნააზრევი, რომელიც საზოგადოებამ ისედაც იცის, უბრალოდ, ჩვენ მივაქციეთ ყურადღება, ისევე, როგორც მათ წარსულს და განვლილ გზას. არ მესმის, ეს კანდიდატობის მოხსნის მიზეზი რატომ უნდა იყოს.“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ჯანეზაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც.

როგორც მან აღნიშნა გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია, როგორც იქ მსხდომი დეპუტატებისთვის, ასევე, სხვა კანდიდატებისა და საზოგადოებისთვისაც.

„მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება, ამის ფუნქცია და დანიშნულება არამხოლოდ დეპუტატების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა, ეს არის საზოგადოების ინფორმირებულობის საშუალება…

კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, რომ ერთგვარი უპატივცემულობაა აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ კუთვნილი უფლებით ისარგებლოს დეპუტატმა და კითხვა დაუსვას.

ეს იმავდროულად არის სხვა კანდიდატების შეურაცხყოფაც, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში და მათი არჩევანი პატივისცემას იმსახურებს.

ვფიქრობ, რომ არის საზოგადოების უპატივცემულობაც, რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანასწორად და თანაბრად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა“ – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

მისივე თქმით, ჯანეზაშვილის განცხადება „უხერხულია“ და ორი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

„პირველი – ქალბატონმა ნაზიმ კარგად იცის, რომ არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა არ არსებობს და კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ მოწადინებული ვართ რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ…

მეორე მეჩვენება, რომ ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის იმიტომ, რომ ახლოს მდგომი ეს შეხედულებები პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებთან, რომლებიც უკავშირდება ამ პროცედურების დამცირებას, აშკარაა.

ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს და ეს ყველაფერი შეიძლება ნაკარნახევი იყოს იმით, რომ შეიძლება, ვერაფრით ვეღარ აიხსნას ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან შეთავაზებული ნარატივი, თითქოს და [გასაუბრებებს] აზრი არა აქვს და ფარსის სახეს ატარებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ნაზი ჯანეზაშვილისთვის დღეს უნდა მოესმინა. იგი სამოქალაქო სექტორმა კიდევ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან ერთად წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.

რაც შეეხება მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

პოპულარულები