LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დროის საკითხია“ – იმ დარგებში, სადაც დღეს სამუშაო ძალის დეფიციტზე ჩივიან, ხელფასები მოიმატებს

74
02b

იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს და იქვე ამბობს, რომ  ეს დროის საკითხია. ცომაია ქვეყანაში არსებულ კადრების დეფიციტის თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

„ზოგადად, დეფიციტს წარმოქმნის გარემოება, რომელშიც რაღაც ძალები მოთხოვნას აძლევს რესურსში, საქონელსა თუ სერვისში დაბალი ფასის გადახდის შესაძლებლობას საბაზრო ფასთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს რაიმე კანონი, ან რეგულაცია. მაგალითად, ფასის ზედა ზღვარი. თუ ასეთი გარემოებები არ გვაქვს, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს. ამიტომ, იმ დარგებში, სადაც დღეს, სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ხელფასების თეორია. სხვა სიტყვებით, დროებითი ფიქციაა.

მიმდინარე მდგომარეობას განაპირობებს ორი ფაქტორი: სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება. ზოგადად, პირველი დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდის ტემპზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი მეტი საქონლის, ან მომსახურების შექმნაზე, რომელიც მიიღწევა მეტი რესურსის (სამუშაო ძალა და კაპიტალი) გამოყენებით ან/და პროდუქტიულობის გაუმჯობესებით. აქ ვგულისხმობ პოტენციურ (ან ბუნებრივ) და არა ფაქტობრივ ზრდას. მთლიანობაში, ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა დაემთხვეს მას შემდეგ, როდესაც ფასები მიაღწევს შესაბამის ნიშნულს. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს ხისტი ფასების თეორია. ესეც დროებითი ფიქციაა. თუმცა, ემპირიული დაკვირვებებით, დროის პერიოდი მოიცავს რამდენიმე კვარტალს და ზოგჯერ, ერთ წელსაც აღემატება. ხისტი ხელფასების კორექციის პროცესი კი შედარებით სწრაფად ხორციელდება. აკადემიურ ენაზე, ბაზრის კანონი უნდა აღსრულდეს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფაქტობრივი და მოსალოდნელი ინფლაცია ერთმანეთს გაუტოლდება. მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: საგარეო მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ ბიზნესმა უნდა მოიზიდოს მეტი სამუშაო ძალა. თუმცა, თუ იმავე ხელფასად ის ამას ვერ ახერხებს, აქვს კიდევ ორი გზა: გაზარდოს პროდუქტიულობა ან/და ხელფასები. თუ პირველი არ გამოდის, რჩება მეორე. იმავე პროდუქტიულობაზე, ხელფასების ზრდას მოჰყვება ფასების ზრდა, რაც განაპირობებს შესაბამის დარგებში მოთხოვნის შემცირებას და ფაქტობრივი GDP უბრუნდება მის დომეინს – პოტენციურს (ან ბუნებრივს).

რა სიდიდით უნდა გაზარდოს ბიზნესმა ხელფასები? ამ კითხვას პასუხობს სამუშაო ძალის მიწოდების ელასტიკურობის მიმდინარე მდგომარეობა ხელფასის მიმართ. რაც უფრო არაელასტიკურია, მით უფრო მეტად მოუწევს. სამუშაო ძალის კვალიფიკაციის გარდა, ელასტიკურობის სიდიდეზე გავლენას ახდენს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ამიტომ, არგუმენტი, რომ მიმტანის კვალიფიკაციას მაღალი ანაზღაურება არ შეესაბამება, უსაფუძვლოა. ნობელის პრემიის მფლობელი, ცნობილი ქირურგი და სხვ., ხომ კვალიფიციურები არიან? მაგრამ მათი შემოსავალი ახლოსაც ვერ მოვა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ან ცნობილი ფეხბურთელის შემოსავალთან. ბაზრის კანონები ასე არ მუშაობს. კვალიფიკაცია ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი მრავალს შორის. ასე, რომ, გარკვეულ ვითარებაში (ცხადია თეორიულად) მიმტანისთვისაც შეიძლება ბიზნესს მოუწიოს ასტრონომიული ხელფასის გადახდა“, – ამბობს აკაკი ცომაია.

არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ზარმაცია, გაუნათლებელი და არაკვალიფიციური, მეცნიერული ახსნა არ აქვს – აკაკი ცომაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g