მსოფლიომ გაიხსენა და პატივი მიაგო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულებს. დატყვევებული ადამიანების ფაშისტებისგან განთავისუფლებიდან 80 წელი შესრულდა.
პარიზიდან ვარშავამდე პოლიტიკურმა ლიდერებმა გაიხსენეს საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლული ექვსი მილიონი ებრაელი და აღნიშნეს, რომ ანტისემიტიზმი და სიძულვილი გლობალურ პრობლემად რჩება.
ოსვენციმის განთავისუფლების 80 წლის იუბილეზე მიიწვიეს ბანაკს გადარჩენილი 56 პატიმარი.
მათ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად ყვავილები მიიტანეს სიკვდილის ბანაკის კედელთან.
ზოგიერთ გადარჩენილს ლურჯი და თეთრი ზოლიანი ქუდები, შარფები ეცვა, რაც მათი ძველი ფორმის სიმბოლოა.
მათგან ყველაზე ახალგაზრდა 80 წელს გადაცილებულია.
შედარებისთვის, ოსვენციმის 75-ე გათავისუფლების აღსანიშნავ ცერემონიას 200 ყოფილი პატიმარი დაესწრო.
გაიმართა ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა 50-მდე მსოფლიო ლიდერი, მათ შორის საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის მეფე, ისრაელის განათლების მინისტრი, უკრაინის პრეზიდენტი და სხვები.
„წელს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ გადარჩენილებზე და მათ გზავნილებზე“, – განაცხადა პაველ სავიცკიმ, ოსვენციმის მუზეუმის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების გამოსვლები არ იქნებოდა.
ძირითადი ცერემონია ოსვენციმ-ბირკენაუში ჩატარდა დროს, როდესაც ანტისემიტიზმი იზრდება ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ 80 წლის იუბილეს მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ გადარჩენილთა ჩვენებების შენახვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობას.
თავად ოსვენციმის ბანაკს გადარჩენილები თანამედროვე სამყაროში ანტისემიტიზმისა და სიძულვილის გაძლიერებაზე აფრთხილებენ.
ოსვენციმ-ბირკენაუში, რომელიც სამხრეთ პოლონეთში მდებარეობს, ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს 1,1 მილიონი ადამიანი მოკლა. გაზის კამერების მსხვერპლთა უმეტესობა ებრაელები იყვნენ. თუმცა მესამე რაიხის რასობრივი იდეოლოგიის ფარგლებში ასევე განადგურდნენ პოლონელები და ბოშები, საბჭოთა სამხედრო ტყვეები და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები.
„დღეს ჩვენ ვხედავთ ანტისემიტიზმის ზრდას და სწორედ ამან განაპირობა ჰოლოკოსტი. სიძულვილის ენამ გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტები მეზობელ ერებს, ეთნიკურ ჯგუფებს შორის“, – განაცხადა ჰოლოკოსტს გადარჩენილმა პოლონელმა ჟურნალისტმა მარიან ტურსკიმ.
„ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ისტორიის გამეორებას“, – თქვა ტოვაჰ ფრიდმანმა, რომელიც აუშვიც-ბირკენაუდან გაიქცა, როდესაც სულ რაღაც 6 წლის იყო.
ჰოლოკოსტის კიდევ ერთმა გადარჩენილმა ლეონ ვაინტრაუბმა აღნიშნა, რომ მას „საშინლად სტკიოდა ნაცისტური ფორმები, რომლითაც ევროპის ბევრ ქვეყანაში აღლუმებზე ჩნდებოდნენ“.
ანტისემიტიზმმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში კონფლიქტი დაიწყო.
ცერემონიის დასასრულს გადარჩენილებმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა სანთლები დაანთეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი.
2005 წელს გაერომ გადაწყვიტა 27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოეცხადებინათ.
“ფორტუნას” ვიდეოსიუჟეტი აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკზე