„გუშინ რაც მოხდა ეს იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და გამიზნული პროცესები, რომ არ ჩატარებულიყო სხდომა. მე პირდაპირ ვაცხადებ ეს არის საქართველოს და ჩვენი ევროპული მომავლის მტრობა“ – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტში განვითარებული მოვლენები რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში “დღის თემა”.
მან ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში კანონპროექტების განხილვაზე. მისი თქმით, დარბაზში საკმარისი ადგილები არ იყო.
„სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ ის წარმომადგენლები შემოუშვეს, რომლებსაც განაცხადი კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე წინასწარ ჰქონდათ გაკეთებული. დარბაზი იყო პატარა. ადგილები საკმარისი არ იყო. ამდენი ადამიანი იქ ვერ დაეტეოდა. მხოლოდ ეს იყო მიზეზი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონოპროექტების განხილვას გუშინ პარლამენტში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. საკომიტეტო მოსმენაზე არ შეუშვეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. სხდომის დაწყების შემდეგ კი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ამავე თემაზე:
„ოცნებამ დღეს ძალის დემონსტრირება მოახდინა“ – თეონა აქუბარდია
პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართლდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული მედიის წარმომადგენლები გაათავისუფლეს
„დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა” – თეა წულუკიანი