„ის, რომ რუსეთი ოკუპანტია ჩვენ 1991 წლიდან და კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან ვიცით. ძალიან რთულია, წინასწარ განსაზღვრო რუსეთის ქმედება. თუმცა ცხადია, მაშინ, როცა ყველაზე ახლოს ვართ ჩვენს ისტორიულ გადაწყვეტილებასთან, ჩვენ ასეთი ტიპის ფაქტები გვხვდება“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ რუსეთთან არც რბილი ძალა ჭრის და არც აგრესიული მიდგომა.
„ეს კიდევ ერთი დემონსტრირება იყო მათი მხრიდან და შეხსენება, რომ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. არც რბილი ძალა და არც აგრესიული მიდგომა რუსეთთან არ ჭრის. თუმცა ჩვენ გაფაციცებულნი უნდა ვიყოთ. მსგავსი ტიპის ბრუტალური დარღვევა არა თუ ადამიანის უფლებების, არამედ ზოგადად ადამიანური პრინციპების ხდება რუსეთის მხრიდან. ჩემი, როგორც „ქართული ოცნების“ საგარეო გუნდის წარმომადგენლის როლია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდო, მეტი ჩართულობისთვის“ – განაცხადა მარიამ ლაშხმა გადაცემაში „დღის თემა“.
„ქართული ოცნების“ წევრი პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მიმართვასაც, რომლის თანახმადაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას გააძლიეროს უსაფრთხოების ჩარჩო, მათ შორის ქვეყანაში შემომავალი რუსეთის მოქალაქეების გაკონტროლების მიმართულებით და მოახდინოს მათთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა.
„უსაფრთხოების კუთხით დიდი დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს. როდესაც ოპოზიციაში ან სამოქალაქო საზოგადოებაში ხარ, მარტივია საუბარი რა უნდა გაკეთდეს, თუმცა, როდესაც ხარ ხელისუფლებაში მეტი გააზრება სჭირდება ნებისმიერ ქმედებას“ – განაცხადა ლაშხმა.