LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მანქანით არ დასრულდება, ეს ტერორი გადავა ადამიანებზე“ – როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტს

60
წალენჯიხის მერის მანქანა

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის შესაძლო დაწვის საკითხს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი გია ხარჩილავას დაშინების მცდელობაა. ასე ფიქრობს თავად ხარჩილავას თანაგუნდელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მანქანის დაწვამდე ხარჩილავა „ქართული ოცნების“ კორუფციული გარიგებების მხილებასა და პროკურატურისთვის ამის დამადასტურებელი მასალების გადაცემას აპირებდა.

ამ თემაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობაში“ ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის წევრმა ანი წითლიძე ამ ფაქტზე ისაუბრა.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – მერის მოადგილე

„საინტერესოა და ყველაზე საეჭვოა ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის დაწვა დაემთხვა იმ ფაქტს, როდესაც მერს უკვე დაგეგმილი ჰქონდა ბრიფინგები კონკრეტული ფაქტებით, პროკურატურისთვის გადასაცემად მზად ჰქონდა მასალები, რომელიც უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ კორუფციულ გარიგებებს წალენჯიხაში და მილიონობით გაფლანგულ ლარებს. ეს გარემოება საეჭვოს ხდის და პირდაპირ ვაკავშირებთ, რომ ეს არის გია ხარჩილავას დაშინების მცდელობა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განაცხადებით კი, ეს არამარტო გია ხარჩილავას დაშინების მცდელობაა, არამედ პოლიტიკურად სხვაგვარად მოაზროვნე ყველა ადამიანის დაშინების მცდელობა და ეს არის პრორუსული რეჟიმის მახასიათებელი.

მისი თქმით, დაშინების მცდელობა იწყება თვალთვალით, ავტომანქანის აფეთქებით, თუმცა, ტერორი გადავა ადამიანებზეც.

დარწმუნებული ვარ, მუქარის შემცველია, ეს სისტემა მუჭში ვერ მოიქცევს წალენჯიხის მერს - ხარჩილავა მანქანის დაწვაზე

„რას ვუკავშირებ? რჩება დასკვნა - ეს არის ჩვენი მიდგომები, ის, რომ ჩვენ არ ვართ მუჭში მოქცეული თვითმმართველობა, რომ არ არის მორჩილი თვითმმართველობა, რომელიც რეფორმებს ატარებს და კორუფციულ სქემებს ავლენს“ - ამბობს წალენჯიხის მერი.

„პირდაპირ ვთქვათ, ეს არის პრორუსული ქოცრეჟიმის ახალ საფეხურზე – ტოტალიტარიზმის საფეხურზე გადასვლა, ეს არის ის, როგორ იქცევა რუსული რეჟიმი, ეს არის ჯერ მანქანა, დაშინება, თვალთვალი, ზეწოლა, საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლების და პრორუსი ოლიგარქის პირობებში ჩვენ მივალთ იგივე სურათამდე რაც იყო რუსეთში, ჩვენ საბოლოო ჯამში, გვექნება ნემცოვის მსგავსი შემთხვევები.

ეს მანქანით არ დასრულდება, ეს ტერორი გადავა ადამიანებზე და ადამიანებს დავკარგავთ. ეს არის არამარტო გია ხარჩილავას დაშინების მცდელობა, ეს არის პოლიტიკურად სხვაგავარად მოაზროვნე ყველა ადამიანის დაშინების მცდელობა, ეს არის პრორუსული რეჟიმის მახასიათებელი, ტერორი, მანქანის აფეთქება და ბოლოს გადავლენ ადამიანებზე,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.

გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძეც და თქვა, რომ მისი დაწვის მიზანი ხარჩილავას დაშინებაა. ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ზე პირად გვერდზე წერს.

„დღეს წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანა დაწვეს მისი საცხოვრებელი სახლის წინ. მიზანი მისი დაშინებაა, არაფერი გამოგივათ! რეფორმები გაგრძელდება! წალენჯიხა იქნება კოალიციური მართვის წარმატებული მოდელი“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g