„ე.წ. მოშეს გეგმა იყო საოცრება! არც მოშე და არც სხვა უცხოელი კონსულტანტი ჩვენ არ ჩამოგვიყვანია. 2018 წლისგან განსხვავებით მათი მომსახურებით ამ არჩევნებზე წელს არ გვისარგებლია,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ ეს განცხადება ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის – იყო თუ არა დაგეგმილი პიარ-კონსულტანტ მოშე კლუგჰაფტის მიერ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია? საპასუხოდ გააკეთა.
მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ნიკა გვარამიას მიერ შექმნილი „ფეიკი“ უწოდა. დეპუტატმა მაგალითად „მთავარ არხზე“ აღნიშნულთან დაკავშირებით გასული მასალა მოიშველია.
„აი ეს მოშეს გეგმა იყო საოცრება. ე.წ. მოშეს გეგმა. პირველი, არც მოშე და არც სხვა უცხოელი კონსულტანტი ჩვენ არ ჩამოგვიყვანია, მათი მომსახურებით ამ არჩევნებზე წელს არ გვისარგებლია, განსხვავებით 2018 წლისგან.
ეს რომ გაავრცელეს მითხრეს, გადავახვიე და ვუყურე ნაწილს, „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტი იყო და შემდეგ ამაზე მსჯელობდა 4 ადამიანი, ჩემთვის ერთადერთი კითხვა იცით რა იყო?!
ოთხივემ იცოდა, რომ ეს გვარამიას მოგონილი „ფეიკი“ იყო და უწვალია ამაზე, ბევრი უწერია. თუ გვარამიამ თქვა დანარჩენი სამი, თუ გვარამიამ და კვესიტაძემ დანარჩენი ორი მოატყუა, და იმ ორს, სამს ან ერთს მაინც მართლა სჯეროდა, რომ რეალურ დოკუმენტზე მსჯელობდნენ.
წარმოიდგინეთ სამსახიობო შესრულება რა დონის იყო, თავისი მოგონილი „ფეიკი“ ედოთ წინ, თავისი შექმნილი, ამაზე ბრაზდებოდნენ, იცინოდნენ, ჩვენ გვამუნათებდნენ, გვლანძღავდნენ, ოღონდ თავისი შექმნილი დოკუმენტი ედოთ წინ, წარმოიდგინეთ რა ხარისხში ავიდა „ფეიკი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.