3 დღიანი პროტესტისა და დეპუტატებს შორის ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
83 მომხრე – 0 წინააღმდეგი – ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მხარდამჭერთა კენჭისყრის შედეგი, თუმცა, იმისთვის, რომ პროექტი საბოლოოდ კანონად იქცეს, რეგლამენტის თანახმად, წინ ჯერ კიდევ რამდენიმე პროცედურა, ასევე განხილვაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საზოგადოების ნაწილში არსებული რამდენიმედღიანი პროტესტისა, მმართველ გუნდში კვლავ აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის საბოლოო მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობაა, ხოლო ოპონენტების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი, რუსული კანონის ანალოგია, ისევ მტკიცედ უარყოფენ.
არის თუ არა უკვე არსებულ კანონმდებლობაში ფინანსური გამჭვირვალობის დადგენის რეალური პრობლემა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს მმართველი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგი, ამ საკითხებზე „ფორტუნასთან“ ანალიტიკოსმა და იურისტმა – ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.
არსებობს თუ არა მოქმედი კანონებით ფინანსური გამჭვირვალობის დადგენის პრობლემა
ლევან ალაფიშვილის თქმით, ფინანსური გამჭვირვალობისა და ამასთან, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არსებობს ბევრი კანონი, კანონის ქვემდებარე აქტები, მინისტრის ბრძანებები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ.
როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, უცხო ქვეყნიდან შემოსული ფინანსების, მათი წარმომავლობისა და მიზნობრიობის გაკონტროლება ისევ და ისევ სამთავრობო სტრუქტურების, შესაბამისი უწყებების ხელთაა და ამდენად, ამ ნაწილში პრობლემა არ დგას.
„არც საგადასახადოს კუთხით არის რაიმე პრობლემა, ასეთი რამ მათ არ უთქვამთ. ანტიტერორიზმისა და საერთაშორისო კუთხით რომ იყოს რაიმე, დავუშვათ ფინანსური თვალსაზრისით, ამისთვის ეროვნული ბანკის ქვემოთ არსებობს სპეციალური საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არც იმათ უთქვამთ არაფერი, ხომ სწორია?
არც ეროვნულ ბანკს და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უთქვამთ, რომ საქართველოს, საერთაშორისო დაფინანსებისა და ტერორიზმის კუთხით რაიმე პრობლემა აქვს, კანონი გვაქვს და ამიტომ.
მთავრობისგან არ გვსმენია, რომ იცით რა, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმებისთვის, მივმართეთ სასამართლოს, რომ ეს ინფორმაცია მოგვეთხოვა და არ გვაწვდიან ან ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის დავაჯარიმეთო.
ანუ, თუ ერთგან, მეორეგან პრობლემა არ არსებობს და არსებობს ინსტიტუტები უსაფრთხოების კუთხით, არსებობს კანონმდებლობა და სტრუქტურები: შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაც მთავარია, დაზვერვის სამსახური, შემდგომ ამისა, არსებობს საშინაო და საგარეო – ფინანსური და საგადასახადო, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, მაშინ რაზეა საუბარი?
უფრო გასაგები, რომ იყოს, მეტად თამამი ვიქნები: თვითონ კანონპროექტის ავტორებიც ხომ არ უარყოფენ, რომ ეს კანონი რუსებზეც გავრცელდება, ამიტომ მათივე ლოგიკას გავყვები, დავუშვათ რუსეთმა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება დააპირა და ამისთვის მას ადგილზე დასაყრდენი სჭირდება – პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფები და რაც მთავარია, მათი დაფინანსებაა საჭირო.
ამისთვის რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რომელსაც ეს ყველაფერი ძალიან სწადია და ვერ მიაღწია, ვერც ვეღარასდროს მიაღწევს – თუკი მან ფინანსები უნდა გადმორიცხოს, ამ შემთხვევაში, ამ ყველაფერს, ფინანსურ ნაკადებს ეროვნული ბანკი და მთლიანი საბანკო სისტემა აკონტროლებს, რომელიც საერთაშორისო სისტემის ნაწილია.
ამავე დროს, არსებობს სპეციალური, ე.წ ანტიტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც ამ ყველაფერს ასევე აკონტროლებს, უკვე ეროვნული ბანკის ქვემოთ მყოფი სპეციალური სააგენტოს მეშვეობით.
ანუ, თუკი ფულის წარმომავლობა არასაიმედო ქვეყნიდანაა, კონტროლის საშუალება არსებობს. რა უნდა ქნან მაშინ? შენიღბონ და რუსულ, რაღაც სპეციალურად შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციას თანხა უნდა გადმოარიცხვინონ და ასე შემოაღწიონ, ხოლო თუკი ვინმეს ეს ყველაფერი გამოეპარა, მაშინ გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ეროვნული ბანკი საერთოდ არ გვყოლია, გამოდის, რომ სახელმწიფო არ გვქონია.
დავუშვათ და ეს საბანკო რეგულაციები რომ თავიდან აირიდონ, ფული ხელით უნდა შემოატანინოს ვიღაცას, ბოლო 1 თვის განმავლობაში მინიმუმ 2 ასეთი განცხადება იყო, რომ საზღვარს ჩვენი პოლიცია აკონტროლებს და 40 მილიონი რუსული რუბლის შემოტანის ფაქტზე, ვიღაც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ანუ, საზღვარს აკონტროლებენ, თუ ვერ აკონტროლებენ, მაშინ ეს გვითხრან.
თუ საზღვარს აკონტროლებენ და ფული ვერ შემოაქვთ, მაშინ რაღა გამოდის? რუსული ფული საქართველოში როგორ უნდა მოხვდეს? თუ ვიღაცას თვალი დაუხუჭეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, დავუშვათ, საზღვარზე არალეგალურად გამოატარონ ან თვითონვე დააფინანსონ, ანუ თავიანთივე ხელშეწყობით დააფინანსონ.
საფრთხე სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, დესტაბილიზაციისთვის თუ რაღაც ამ თვალსაზრისით რომ არსებობდეს, მერწმუნეთ, რომ მთავრობას საჯარო განცხადების გაკეთება არ მოერიდებოდა.
შეიძლება მმართველ პოლიტიკურ ძალას ჰგონია, რომ ვიღაცას დაავიწყდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის 315-ე მუხლით, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის რამდენი საქმე აღძრა და საჯაროდ გამოაცხადა.
იზორია იყო, ჭიკაიძე თუ გომელაური 3-4 ასეთი საქმე აქვთ აღძრული და თაროზე შემოდებული, რომელი გამოიძიეს?! საბურავების რევოლუცია რა, ამავე კონტექსტით არ იყო?
აქ მივდივართ თქვენი კითხვის დასკვნით ნაწილზე – რა არის მიზანი? მიზანი იგივეა: საქმე რომ აღძრეს პოლიტიკური მიზნით საზოგადოების დასაშინებლად, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებაო და თაროზე შემოდეს, იგივეა ახლაც, საზოგადოების გაყოფა“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველ ძალას ეს კანონპროექტი საერთო სურათის შესაქმნელად სჭირდება და რეალურად, ეს მოქმედება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
როგორც ალაფიშვილმა „ფორტუნას“ უთხრა, ამავე კონტექსტშია განსახილველი ე.წ რუსული კალკის კანონის ინიციირება, კონსტიტუციური ცვლილებები. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ერთსაც და მეორესაც საზოგადოების პოლარიზაციისთვის გამოიყენებს:
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს
„რა თქმა უნდა, ამას მაქსიმალური პოლარიზაციისთვის და ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოიყენებს, წინასაარჩევნო კამპანია კი საშინელი იქნება. რაც მთავარია, ვერავინ ვერ შეედავებათ, ვიღაცას აგენტს რატომ ეძახიო, იტყვიან, რომ კანონში მიწერია და ამიტომო.
დავუშვათ მოქალაქეებმა თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა, ამ ტერმინს რატომ მეძახიო, მოსამართლეც კი იტყვის, რა ვქნა, კანონში მიწერიაო. ეს რეალურად, კარგად დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამიზნული ქმედებაა.
შეიძლება სამართლებრივი ნაწილი შედარებით ცოტაა, მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ არის პრობლემა, რომელსაც დღემდე მოვყავართ, ოღონდ არა საზოგადოების, არამედ პარტია „ქართული ოცნების“.
გაიხსენეთ რა მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის, პირველი ტური ხომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პრაქტიკულად წააგო და რატომ წააგო?
რადგან იმ დროისთვის „ქართულ ოცნებაში“ მოვიდა კობახიძე და ე.წ ახალი თაობა, მათ პარტიის ძველი დამფუძნებლები ჩაანაცვლეს, ე.წ ნამდვილი „ქოცები“, რომლებიც განაწყენებულნი იყვნენ და დღემდე არიან, რომ არ მიიღეს მონაწილეობა არათუ პარტიის წევრების დონეზე, არამედ მხარდამჭერების დონეზეც კი, მერე დასჭირდათ სისხლიანი ბანერები და ეს ყველაფერი.
„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი იყო, ეს ხალხი [ძველი სახეები] სხვასთან არ წასულიყვნენ და თავის ორბიტაზე შეენარჩუნებინათ, სწორედ ამიტომ გამოჩეკეს ვასაძის პარტია, მერე „ალტ-ინფო“, თავიდან ფსონი „პატრიოტთა ალიანსზე“ დადეს და ბოლოს „ხალხის ძალა“, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაამართლა.
ის ხალხი, ძველი თუ „ქართული ოცნების“ ნამდვილი დამფუძნებლები, შესაძლოა, სხვანაირად მოქცეულიყვნენ და ამას უკვე პროპორციული არჩევნებიც დაემატა, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ძალას ამ პირობებშიც კი, ხელისუფლების ბერკეტეკებთან დატოვების შანსს უმცირებს, პრაქტიკულად უსპობს.
სწორედ ამიტომ, რა გააკეთეს? კვლავ ერთიანი სურათისთვის ვამბობ: ლევან ვასაძის საჯარო განცხადებებით ვხედავთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს უკვე აგინებს. რითაა ეს გამოწვეული? მათი ე.წ სიამტკბილობა „ქართულ ოცნებასთან“ დამთავრდა, არ გამოადგათ და ამიტომ.
შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსი“ უკვე დიდი ხანია უკანა ფლანგზე გადაიყვანეს და შესაბამისად, ისინიც მათ ორბიტაზე ვერ იქნებიან. „ალტ-ინფო“, რომელიც შინაარსობრივად „ოცნების“ მეკავშირეა, ვითომ ახლა გაახსენდათ იუსტიციაში და გააუქმეს.
შესაბამისად, ეს შედეგები: კონსტიტუციური ცვლილებები, რუსული კანონი, თავიანთი სატელიტების შექმნა და მერე გაუქმება, რომ „ხალხის ძალას“ ეგებ რამე მიემატოს, ერთი წინასაარჩევნო სურათია და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, ოღონდ არასახელმწიფოებრივი, არა სამშობლოზე ზრუნვით განპირობებული, არამედ პარტიული თუ არ ვიცი, პარტიის საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიზნისთვის გამიზნული – ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლების სათავეებთან, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“, – გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.
მედია და გამჭვირვალობა
ანალიტიკოსს ასევე ვკითხეთ, რამდენად შეიძლება აღიქმებოდეს კანონპროექტი მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობად, რაზედაც მან გვიპასუხა, რომ საერთო ჯამში, მოცემულობა კონკრეტული მიზნის მისაღწევი წმინდად პოლიტიკური პროცესია.
მისი შეფასებით, ეს იქიდანაც დასტურდება, რომ წინა, შარშანდელი შემთხვევისგან განსხვავებით, მმართველ პარტიას ვენეციის კომისია არც კი გახსენებია.
„ყოველგვარი დემოკრატია, ფორმალური რაღაცები საერთოდ დაივიწყეს. შარშან რატომ გაგზავნეს? ახლა რატომ აკეთებენ ასე? – იმიტომ, რომ ეჩქარებათ, წინასაარჩევნო კამპანია წარსამართია და შესაძლებელია:
ა. ვენეციის კომისიამ პროცესი დიდხანს გაწელოს
ბ. დიდხანს გაწელოს და უარყოფითი დასკვნები გასცეს
შესაბამისად, ამიტომ არ აგზავნიან და ამიტომ დაიწყეს სწრაფად განხილვები.
რაც შეეხება მედიაცენზურას, შესაძლოა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა თქვან, აბა, კანონში სად წერია ცენზურა, მაგრამ ცენზურას ფართო კონტექსტი აქვს.
არ შეიძლება სიტყვა-სიტყვით ეწეროს, რომ სახელმწიფომ რაღაც კანონი მიიღო, რომლითაც რაღაც აკრძალა, ეს ასე არაა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შექმნას ცენზურისგან თავისუფალი გარემო, რაც თავისთავად ნიშნავს, ჟურნალისტების საქმიანობის, ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების თავისუფლებას, მათ შორის ნეგატიური გავლენისაგან.
თუკი სახელმწიფო ამ პოზიტიურ ვალდებულებას არ ასრულებს და პირიქით ქმნის ასეთ გარემოს, რა თქმა უნდა, ეს ცენზურას უტოლდება, მისი ფართო გაგებით.
როგორც ჩანს, მთლად ბოლომდე ვაჟკაცებიც ვერ არიან ჩვენი მმართველი ძალის პოლიტიკური წარმომადგენლები, დღეს რომ ტრიბუნებთან დგანან.
ვფიქრობ, ცოტა ხანს გაწელავენ, პირველი მოსმენით მიიღებენ, მეორე მოსმენამდე გაწელავენ [პროცესს] და შესაბამისად, მერე თვითონვე დაივიწყებენ, რადგან თემა მათთვის, ვგულისხმობ საარჩევნო თვალსაზრისით, უკვე მომგებიანი აღარ იქნება.
გააგრძელებენ ე.წ პატრიოტიული კონსტიტუციური ცვლილებების განხილვით და თემას ამითვე ჩაანაცვლებენ. შეგახსნებთ, ხალხი შარშანაც მოატყუეს, პირველი მოსმენით ეს კანონი მიიღეს, ვენეციის კომისიაშიც გაგზავნეს, შემდეგ პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ აი, ჩვენ განხილვებს აღარ გავაგრძელებთო.
სიტყვიერად თქვეს გავიწვიეთო, ამ დროს, ფორმალური პროცედურებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა ეგრე არ ხდება, დაუშვებელია, ის უნდა გაგრძელდეს. საკუთარი ნათქვამი თავზე გადაიხიეს და ეს ვერ უპატიებიათ, დღევანდელი რევანში ეგაა, რომ აი ძლიერები ვართ და ჩვენ უკან არ დაგვიხევია“, – განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ალაფიშვილმა.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური დღის წესრიგი
„რაც შეეხება გაგრძელება/არგაგრძელების საკითხს, რაც შარშან არ გააკეთეს, წელს იმას იზამენ, მათი მიზანიც ესაა: მაქსიმალურად ბოლომდე, ზამბარასავით დაჭიმვა, შემდეგ მეორე ნაწილის შემოტანა, ოჯახზე ზრუნვა თუ რაც ჰქვია იმ კანონპროექტს და შესაბამისად, ამით დამთავრდება“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს:
„თუმცა, ისიცაა, რომ ამის რეალიზების შესაძლებლობას არამხოლოდ ჩვენი ახალგაზრდები, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც აღარ მისცემენ“, – დასძინა ანალიტიკოსმა.
ალაფიშვილს ვკითხეთ, რა შეიძლება საფუძვლად ედოს ამ კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებას, ასევე, ვის ინტერესში შეიძლება მოიაზრებოდეს ქვეყანაში საზოგადოების ორად გახლეჩა, ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევა, რაზედაც მან შემდეგნაირად გვიპასუხა:
„ყველაზე გულწრფელი ადამიანი, გამარჯვების, ლხინის დროსაა, იმაზე დიდი გამარჯვება კი, რაც შარშან ჩვენ კანდიდატის სტატუსით ყველამ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, ვინ სად ვართ, არ არსებობს.
გაიხსენეთ, სხვა შემთხვევებს შეადარეთ, დავუშვათ არჩევნების შემდეგ გამარჯვება, ლხინი რომ ჰქონდა მმართველ ძალას და შეადარეთ 15 დეკემბერი. ზრდილობის გულისთვის თქვეს გავიმარჯვეთო, იმის შემდეგ რაიმე გინახავთ?
სხვათა შორის, ეს ევროპელებმა გვითხრეს, რომ ეს შანსი ქართველმა ხალხმა დაიმსახურა და არა მთავრობამ. ევროპელებმა სტატუსის მანდატთან ერთად დავალება მოგვცეს და გვითხრეს, რომ მთავრობას თქვენ მიხედეთ, ჩვენ ვერ მივხედავთო.
შესაბამისად, თუკი ვინმეს, შარშან არ უნდოდა, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის გადახევიდან მოყოლებული, ყველაფერი გააკეთეს, რომ რეფორმები არ გაეტარებინათ და ევროკავშირის წარმომადგენლობას ეთქვა, საქართველო რეფორმების გზაზე არ დგასო.
აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, გეოპოლიტიკასა და სანქციებზე, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ასე მომხდარიყო და ამას ანტიევროპული, ანტიამერიკული ღია რიტორიკა დაუმატეს.
ასე არ მგონია საზოგადოებაშიც სხვაგვარი ინტერპრეტაციებისთვის დიდი ადგილი რჩებოდეს – „ქართული ოცნება“ თავისი ე.წ ფრთხილი რიტორიკით სინამდვილეში რუსულ პოლიტიკას ატარებს და არა საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევს. აქ საუბარი მხოლოდ პროდასავლურ ორიენტაციაზე არ არის, თუმცა კი დემოკრატია დასავლეთშია და არა ჩრდილოეთში, სინამდვილეში კი ე.წ ფრთხილი პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის სასარგებლო პოლიტიკა, ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გავიგოთ.
და თუკი, ვინმე ამ ე.წ ფრთხილ რიტორიკას მისდევს: „აბა ომი გინდათო“, ბუნებრივია, ის რუსეთის თამაშს თამაშობს, ნებით თუ უნებლიეთ და პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყოს, რადგან ის ახალგაზრდები [მხედველობაში მაქვს ოჯახში რომ ჰყავთ ისინი] ხვალ და ზეგ კი არა, არამედ დღესვე მოსთხოვენ პასუხს.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რა მოხდა შარშან ამ რუსული კანონის კალკის მიღების დროს – „ქართული ოცნება“ მმართველმა ძალის წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დატოვეს. მოიკითხეთ ჩაჩიბაიას ოჯახის წევრები, სერგეენკო, რატომ წავიდნენ პარლამენტიდან ასე ჩუმად?! მერე ვითომ დაასაქმეს მრჩევლად და რაღაც… მოიკითხონ, შემთხვევით მათი ოჯახის წევრები დასავლეთში ხომ არ არიან?
გარდა ამისა, პერსონალური, ისეთი ურთიერთობა ხომ არ აქვთ დასავლეთთან, ბიზნეს თუ სამთავრობო წრეებთან, რომ ადამიანებს შერცხვათ, მიხვდნენ თავისივე გუნდი სწორს არ აკეთებდა.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ალაფიშვილმა.