„ეს ყველაფერი არაკოლეგიური და არაკაცურია“,- ასე გამოეხმაურა საპარლამეტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის თაობაზე.
“მაინტერესებს ეს საერთოდ რას ნიშნავს, გუნდს აუხსნან ელემენტარულად. ადამიანის განსხვავებული აზრი შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონდეს მაგრამ განსხვავებული აზრის გამო ადამიანს რომ უშვებ, იქ რა ჩაიწერა დასაბუთებაში რა დისციპლინა დაარღვია, რა მორალი დაარღვია. თამარ ჩუგოშვილს პატივს ვცემ და მგონია კარგი ადამიანია, მაგრამ არ მგონია მორალური უფლება ჰქონდეს თამუნას ან აჩიკო თალაკვაძეს მე გამრიცხონ ან დავით ჭიჭინაძე გარიცხონ პარტიიდან. – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კითხვაზე დატოვებს თუ არა თავადაც პარტიის რიგებს, ფოფხაძე პასუხობს, რომ კონსულტაციები დავით ჭიჭინაძესთან ექნება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.ვერსიის დონეზე ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა, პარტიის რიგებიდან სხვა თანამოაზრეებიც წავიდნენ და პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდეს.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი განაცხადა, რომ არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა.მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, პარტიის შიგნით დემოკრატია მაღალ ხარისხშია და კრიტიკის გამო არავის რიცხავენ. ქუცნაშვილი ამ კონტექსტში საუბრისას აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფორმას, თუ როგორ ცდილობს პოლიტიკოსი ოპონირებას თუნდაც გუნდის შიგნით.
ქართული ოცნების რიგებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე განმარტება პარტიის საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა, გააკეთა.
მისი თქმით, კრიტიკა პარტიისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, შეურაცხმყოფელი განცხადებები გუნდისთვის დამაზიანებელია.თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ჭიჭინაძის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა. ამასთან , მისი ინფორმაციით, ჭიჭინაძე ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, კომუნიკაციის გარეშე არ გაურიცხიათ.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარტიის წევრის და მით უმეტეს, პარლამენტის წევრის პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი იყოს პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის გარეშე. მე არ ვიცი, თქვენ როგორ აიდენტიფიცირებთ კვირიკაშვილისა და არაკვირიკაშვილის წევრებს იმიტომ, რომ მე ასეთ იდენტიფიცირებას საკუთარი კოლეგებისას ვერ ვახდენ. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ ფაქტთან არაფერ შუაშია,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თავად დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ქართული ოცნებიდანგარიცხვის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე შინაგანად დამოუკიდებელი პიროვნება არ არის. ის აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს და შეეცდება დაიბრუნოს “ქართული ოცნება”.
„მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამთვისი რიგებიდან იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა დაკარგა. მე იმ ადამინების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება,“ – ამბობს ჭიჭინაძე
ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხავას შეფასებები მოყვა ოპოზიციაშიც. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი გიორგი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა პარლამენტის იმიჯისათვის სერიოზული დარტყმაა
“დავით ჭიჭინაძის, ერთ-ერთი აქტიური დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა სერიოზული დარტყმაა პარლამენტის იმიჯისათვის. ეს ფაქტი კვირიკაშვილის დევნის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კრიტიკის აუტანლობიდან იწყება სისტემის რღვევა”- ამბობს რომან გოცირიძე