„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ დღევანდელ პროცესზე სიტყვით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსს ავთანდილ გალდავას, რომელსაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჰკითხავდნენ.
ესებუამ გალდავას მისი დაკავება მიულოცა და კითხვით მიმართა:
„პირველ რიგში, მინდა, ჩემი დაკავება მოგილოცოთ, როგორც ჩანს, ეს დიდი მიღწევაა. მე ის გამიხარდებოდა, როგორც მე და ჩემს ოჯახს შემებრძოლეთ, ისე შეებრძოლოთ ჩვენს მტერს.
რაც შეეხება ჩემს კითხვას, როცა თქვენ ჩვენებას აძლევდით, რამდენჯერმე გული აგიჩუყდათ. მაინტერესებს, რატომ არ აგიჩუყდათ გული მაშინ, როცა ასე სასტიკად გაუსწორდით ჩემს ოჯახს, როცა ჩემი უდანაშაულო ძმა ციხეში ოთხი წლით გაუშვით და ჩემს ნათესავებსაც იგივე ტრიუკი გაუკეთეთ“, – მიმართა კითხვით ბადრი ესებუამ ავთანდილ გალდავას.
ცნობისათვის, ბანკზე თავდასხმის დროს, ავთანდილ გალდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
სწორედ მან მიუტანა ბადრი ესებუას ნახევარი მილიონი დოლარი, რის შემდეგაც ავთანდილ გალდავა მძევლებს ჩაენაცვლა.
ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას
რაც შეეხება ბანკზე თავდასხმას – შემთხვევა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა – ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათასი დოლარი მიიღო და გაქცევა მოახერხა.
ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.