ესპანეთში, საბერძნეთსა და შვეიცარიაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან.
ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ხანძრის გამო 4000 -მდე ადამიანია ევაკუირებული. გუშინ ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთით 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძრის გასაკონტროლებლად მიმდინარე სამუშაოებში ასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, სოფელ ბიჩტთან 200-ზე მეტი მცხოვრები ევაკუირებულია. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში მძვინვარებს.
საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა და ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ძლიერი სიცხე ფიქსირდება იტალიაშიც. კუნძულ სარდინიაზე მოსალოდნელია 46 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა.