ესპანეთში ანაზღაურებადი „კლიმატის შვებულება“ შემოიღეს. ამ შვებულების აღებას ადგილობრივები ამინდის მკვეთრი გაუარესების დროს შეძლებენ, წერს Krib.bg.
მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ოფიციალური გაფრთხილების შემთხვევაში, იქნება ეს წყალდიდობა, ქარიშხალი თუ ექსტრემალური სიცხე – დასაქმებულებს სახლში დარჩენა 4 დღემდე ვადით შეეძლებათ და ამ დროის განმავლობაში ხელფასსაც არ დაკარგავენ. თუკი 4 დღე საკმარისი არ იქნება, ესპანელებს უფლება ექნებათ სამსახურში ნახევარ განაკვეთზე გავიდნენ.
ახალი კანონი ოქტომბრის ბოლოს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარმა წყალდიდობამ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამ მოვლენების შემდეგ ბევრი კომპანია კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, თანამშრომლებს სამსახურში სიარულს აიძულებდნენ.