LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ქალაქი სარაგოსა 2028 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქი გახდა

121
ქირიას NEWS შაბლონი

ესპანეთის ქალაქი სარაგოსა 2028 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად დასახელდა. ევროკომისიის მიერ მინიჭებული ჯილდო ქალაქს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, მდგრადი განვითარების მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის გადაეცა. გამარჯვებულები 8 ოქტომბერს, პორტუგალიაში გამართულ ცერემონიაზე გამოავლინეს.

ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულთან ერთად, კონკურსის ფარგლებში კიდევ ორი ქალაქი დაჯილდოვდა. ესპანეთის ქალაქ ბენიდორმმა და პორტუგალიის ქალაქ ესტარეჟამ „ევროპის მწვანე ფოთლის“ ჯილდო მიიღეს, რომელიც შედარებით მცირე ზომის ქალაქებს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცემათ.

კონკურსში ევროპის 27 ქალაქი მონაწილეობდა, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე შვიდი გადავიდა. საერთაშორისო ექსპერტებმა კანდიდატები შვიდი ძირითადი მიმართულებით შეაფასეს: ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნება და მწვანე სივრცეები, ნარჩენების მართვა და წრიული ეკონომიკა, ხმაურის დაბინძურება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია.

ჟიურიმ სარაგოსა გამორჩეულად შეაფასა თანმიმდევრული გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან ადაპტაციის უნარის გამო. ქალაქის მიდგომა აერთიანებს ეკოლოგიურ მიზნებს, სოციალურ მდგრადობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.

ჯილდო გამარჯვებულ ქალაქებს ფინანსურ მხარდაჭერასაც მოუტანს. სარაგოსა გარემოსდაცვითი პროექტებისა და 2028 წლის პროგრამების განსახორციელებლად 600 000 ევროს მიიღებს, ხოლო ბენიდორმი და ესტარეჟა – თითოეული 200 000 ევროს.

„ევროპის მწვანე დედაქალაქის“ ტიტულს ევროკომისია ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქს ანიჭებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ურბანული მდგრადობის მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს აჩვენებს. „ევროპის მწვანე ფოთლის“ ჯილდო კი 20 000-დან 100 000-მდე მოსახლეობის მქონე ქალაქებისთვისაა განკუთვნილი.

ინიციატივის მიზანია, წაახალისოს ქალაქები, გააუმჯობესონ გარემოს მდგომარეობა, შეამცირონ დაბინძურება, გაზარდონ მწვანე სივრცეები და ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები