LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა“ 2030 წლისთვის ყველა მოდელს ჭკვიან ავტომობილად გადააქცევს

114
ქირიას NEWS შაბლონი (6)

იაპონური ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ 2030 წლისთვის თავისი მოდელების მთელ ხაზზე პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ავტომობილების კონცეფციის დანერგვას გეგმავს. კომპანიის მიზანია, დაახლოებით 50 მოდელის ფუნქციების გაუმჯობესება პროგრამული განახლებების საშუალებით გახდეს შესაძლებელი.

გეგმის განხორციელება „ტოიოტას“ მიერ შემუშავებული Arene-ის პლატფორმის გაფართოებას უკავშირდება. ეს ტექნოლოგია ავტომობილებს საშუალებას აძლევს, პროგრამული განახლებები დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით მიიღონ, მფლობელს კი ამისთვის სერვისცენტრში მისვლა არ დასჭირდეს.

პლატფორმა პირველად ახალი თაობის Toyota RAV4-ში დაინერგა, რომელიც 2025 წელს გამოვიდა. კომპანიის გეგმების მიხედვით, 2030 წლისთვის Arene ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ახალ ავტომობილში უნდა გამოიყენებოდეს.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით ავტომწარმოებელს შეეძლება, უკვე გაყიდულ ავტომობილებს ახალი ფუნქციები დაუმატოს ან არსებული შესაძლებლობები გააუმჯობესოს. ეს შეიძლება შეეხებოდეს უსაფრთხოების სისტემებს, მართვის დამხმარე ტექნოლოგიებსა და მულტიმედიურ ფუნქციებს. „ტოიოტა“ დამატებითი შემოსავლის მიღებასაც გეგმავს პროგრამული მომსახურებისა და განახლებების საშუალებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა განახლება ფასიანი იქნება.

კომპანია მომავალში Arene-ის სხვა პარტნიორი ავტომწარმოებლებისთვის შეთავაზებასაც განიხილავს. ამ მიმართულებით კონკურენცია სულ უფრო იზრდება: პროგრამულად განახლებადი ავტომობილების სფეროში წამყვან პოზიციებს „ტესლა“ და ჩინური მწარმოებლები იკავებენ. იაპონიაშიც გააქტიურდა თანამშრომლობა – „ჰონდამ“ და „ნისანმა“ ავტომობილებისთვის საბორტო პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივი განვითარება გადაწყვიტეს.

„ტოიოტას“ სტრატეგია ასახავს საავტომობილო ინდუსტრიის ცვლილებას: თანამედროვე ავტომობილი სულ უფრო მეტად ხდება ციფრული პლატფორმა, რომლის შესაძლებლობებიც გაყიდვის შემდეგაც შეიძლება გაფართოვდეს. ეს მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ავტომობილის ფუნქციები დროთა განმავლობაში გააუმჯობესონ და პროგრამულ მომსახურებაზე დაფუძნებული შემოსავლის ახალი წყაროები შექმნან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები