კომპანია Hyundai-მ აშშ-ში 94 622 ავტომობილის გაწვევა გამოაცხადა. პრობლემა genesis-ის ორ მოდელს ეხება: სავარძლების ელექტრო რეგულირების სისტემის გაუმართაობამ შესაძლოა გადახურება და ხანძარი გამოიწვიოს. ამის გამო აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია მფლობელებს ურჩევს, ავტომობილები ღია სივრცეში, საცხოვრებელი შენობებისა და სხვა მანქანებისგან მოშორებით გააჩერონ.
გაწვევა მოიცავს 2015 და 2016 წლებში გამოშვებულ Hyundai Genesis-ს, ასევე 2017–2020 სამოდელო წლების Genesis G80-ს. ეს მოდელები ტექნიკურად ერთმანეთთან დაკავშირებულია, თუმცა მოგვიანებით ავტომობილის სახელი შეიცვალა.
პრობლემის მიზეზი სავარძლების ელექტრო რეგულირების მართვის პანელია. ის შესაძლოა დაზიანდეს ან ადგილიდან გადაადგილდეს, რის გამოც სავარძლის ელექტროძრავა ჩართულ მდგომარეობაში გაიჭედოს. ამ შემთხვევაში ძრავა მუშაობას ავტომობილის გამორთვის შემდეგაც განაგრძობს, რაც ხანგრძლივ გადახურებასა და ხანძრის გაჩენის რისკს ქმნის.
აშშ-ში ამ ხარვეზთან დაკავშირებული ხანძრის სულ მცირე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. შესაბამისად, უსაფრთხოების უწყება მფლობელებს მოუწოდებს, სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ავტომობილები ავტოფარეხებში ან სხვა მანქანების სიახლოვეს არ გააჩერონ.
ამ დროისთვის Hyundai-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად საბოლოო გამოსავალი ჯერ არ შეუმუშავებია. როგორც კი შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, ავტომობილების მფლობელებს ოფიციალურ სერვისცენტრებში გამოიძახებენ. დეფექტური დეტალის შეკეთება ან შეცვლა უფასო იქნება.