ესპანეთში, ბოლო ორ დღეში მომხდარი ორი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ – აღნიშნულ ინფორმაციას რკინიგზელთა პროფკავშირები ავრცელებენ.
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროფკავშირები თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და რკინიგზის ქსელის სანდოობის უზრუნველყოფას მოითხოვენ.
მედიის ცნობითვე, პროფკავშირების მიერ გამოცხადებულ გაფიცვაში რკინიგზაში დასაქმებული ყველა პირი ჩაერთვება.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს ბარსელონასთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა. სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და შემაკავებელ კედელს შეეჯახა. ამასთან, 18 იანვარს, მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფას მაშინ 39 ადამიანი ემსხვერპლა, 170 ადამიანი კი დაშავდა.
