ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის შესახებ შემაჯამებელ პრესრელიზს აქვეყნებს.
როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც ხმის მიცემის დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის უფლებას, ხმა მისცენ შურისძიების შიშის გარეშე.
„ჩვენს საბოლოო ანგარიშში გამოვლენილმა მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ“, – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.
ამასთან, საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა.
„დღევანდელ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჩივრები როგორც არჩევნების დღემდე, ისე მის შემდეგ, ხშირად არ განიხილებოდა სრულყოფილად და უარყოფილი იყო ტექნიკური ნიშნით, რაც ძირს უთხრის სათანადო განხილვის უფლებას. აქედან გამომდინარე, ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და გაიზარდოს საზოგადოების ნდობა. არჩევნების შემდეგ ასევე იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არაერთხელ იქნა ძალადობრივად დაშლილი და რასაც მოჰყვა მრავალი დაპატიმრება, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისასტიკის შესახებ ბრალდებები, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებასა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან თავისუფლებას“, – ნათქვამია არჩევნების შემაჯამებელ პრესრელიზში.