ე.წ ევრო-შეშის გაყიდვები საქართველოში მომავალი კვირიდან დაიწყება. პროდუქცია რამდენიმე დიდ სავაჭრო ქსელში გამოჩნდება, გასაყიდი ფასის დადგენა კი ახლა მიმდინარეობს. ”სავარაუდოდ, ორშაბათიდან, ევრო-შეშა ”გორგიას”, ”ბრიკორამას” და ”სმარტის” ქსელში შევა. ჯერჯერობით მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ ”დომინოსთან”, სადაც ასევე იგეგმება ამ პროდუქციის რეალიზაცია. რაც შეეხება ღირებულებას, ჩვენი შეთავაზებული ფასი 7 ლარია, ახლა თავად ეს კომპანიები წყვეტენ, რამდენად გაყიდონ”, – განუცხადა ”ფორტუნას” ევრო-შეშის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ ლომიძემ.
საქართველოში ე.წ. ევრო-შეშის წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ეკოლოგიურად სუფთა საწვავ მასალას ქართულ-უკრაინული კომპანია Ecoline Energy-ი აწარმოებს. თამაზ ლომიძის თქმით, პროდუქცია დაპრესილი ბიომასისგან მზადდება, მას არ გააჩნია ქიმიური დანამატები, შესაბამისად, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა. ერთი შეკვრა ევრო-შეშის, იგივე ბრიკეტის წონა 10 კგ-ია და იმავე რაოდენობის შეშაზე სამჯერ უფრო დიდხანს იწვის.
”ბრიკეტებს ჩვეულებრივ შეშასთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველი ის, რომ ერთი ტონა ბრიკეტი უდრის 2 გადარჩენილ ხეს. გარდა ამისა, ნაკლებ კვამლს გამოყოფოს. შეშასთან შედარებით ბევრად მშრალია, შეშის ტენიანობა 35%-ია, ბრიკეტის კი – 1%-ზე ნაკლები. შეშა 450 გრადუსამდე ხურდება, ბრიკეტის ტემპერატურას კი შეუძლია 800 გრადუსს მიაღწიოს”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, თხილის ნაჭუჭზე ბრიკეტების წარმოების დასაწყებად კომპანიას დიდი შრომის გაწევა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მოუხდა. საწყის ეტაპზე Ecoline Energy-ი 150 ტონა ბრიკეტს გამოუშვებს, სამომავლოდ კი Ecoline Energy-ი წარმოების გაზრდასა და ქართული ევრო-შეშის ექპორტზე გატანასაც გეგმავს.
ცნობისთვის, Ecoline Energy-იმ ბრიკეტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ზუგდიდში 2015 წელს დაიწყო. საწარმო, რომელიც ქართულ-უკრაინული ინვესტიციით აშენდა, ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბერში შევიდა. აქ 15 ადგილობრივი კადრი დასაქმდა, თუმცა თანამშრომელთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება.