LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნების დახმარების გეგმა შეადგინეს – იტალია კმაყოფილია

142
ევრო

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმა დაამტკიცეს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, მომავალი ფონდი მოახდენს ერთი ტრილიონი ევროს ოდენობის მობილიზებას.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ხუთშაბათს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის შვიდწლიან ბიუჯეტთან.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მომავალი ფონდის დეტალების შემუშავება დაავალა. ევროკომისია პროექტს 6 მაისს წარადგენს.

ამასთნ, ევროკავშირის ლიდერმა დაამტკიცეს მანამდე შეთანხმებული, 540 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება. თანხა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების დასახმარებლად არის გათვალისწინებული.

როგორც „ბიბისი“ წერს, ევროკავშირის წევრებს შორის მწვავე უთანხმოება იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დახმარების დაფინანსება. თუმცა როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, ბოლო მოლაპარაკებებზე დიდ პროგრესს მიაღწიეს.

იტალია, რომელიც ევროპაში კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, ევროკავშირის წევრ პარტნიორებს მოუწოდებდა, უფრო მეტი სოლიდარობა გამოიჩინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები