ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ავრცელებს.
„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – წერს „ტვიტერზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.
#EUMM patrols are currently monitoring in the area of Didi Khurvaleti. No signs of new borderisation activities. Security actors are present but we register no incidents. All mechanisms, including Hotline, are being used to ensure communication.
— Erik Hoeg (@erik_hoeg) March 15, 2019
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.