LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირსა და აშშ-ში რეცესიას ელოდებიან – შემცირდება თუ არა საერთაშორისო ბაზრებზე გაიაფებული პროდუქციის ფასები საქართველოშიც?  / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

30
რეცესია

ამან საერთაშორისო ბაზარზე პირველადი მოთხოვნის საქონელზე ფასების შემცირების ტენდენცია გამოიწვია. ე.წ. ფიუჩერსულ კონტრაქტებზე ფასები იკლებს ნავთობზე, მარცვლეულზე, ასევე სხვადასხვა მეტალზე.

საქართველოში კი პროგნოზირებულზე მაღალ ზრდას ელოდებიან. რა გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკის შემცირება ჩვენზე და იმოქმედებს თუ არა ინფლაციაზე ფასების კლება პირველადი მოხმარების საქონელზე.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს  აკაკი ცომაია, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი. 

 

 

– პროგნოზირებენ, რომ რამდენიმე კვარტალი (ორი კვარტალი მაინც) შეიძლება აშშ-ს შტატებსა და ევროკავშირს შეეხოს რეცესია, ეკონომიკის შემცირება. რამდენად ვარაუდობთ თქვენ ამას და რა ძირითადი მიზეზებით არის გამოწვეული?

– რეცესია განვითარებულ ქვეყნებში მოსალოდნელია. ამის პროგნოზირება მარტივად შეიძლება, რადგან მსგავსი შემთხვევა გასული საუკუნის 70-იან წლებშიც მომხდარა, მაშინ როდესაც ნავთობის კრიზისი იყო.

იმ პერიოდში ევროპის ქვეყნებმაც და ამერიკამაც განიცადა სტაგნაცია. ჰქონდათ მაღალი ინფლაცია და ჰქონდათ უმუშევრობის ზრდაც. რაც შემდგომ ეკონომიკის კლებაზე აისახა. მსგავსი პროცესი მეორდება.

ამდენად სავსებით სავარაუდოა, რომ ასეთი რამ შეიძლება განმეორდეს, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპის ქვეყნებში.

– ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკა როცა მცირდება, ეს მსოფლიო ბაზარზე  საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს.

რამდენად ძლიერი იქნება ამ პროცესების გავლენა საქართველოზე? 

განვითარებულ ქვეყნებში თუ კლების ტენდენციაა, ჩვენთან პირიქით, პროგნოზირებულზე მაღალი ზრდა არის მოსალოდნელი. სავალუტო ფონდმაც განაცხადა, რომ გადახედავენ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს…

– ამ შემთხვევაში უნდა შევხედოთ როგორ არის ჩვენი ეკონომიკა ინტეგრირებული მსოფლიო ბაზარზე. ანუ რა არის ის საექსპორტო პროდუქცია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის.

ზოგადად, როცა დიდი ქვეყნის ეკონომიკები მცირდება, ეს საექსპორტო მოთხოვნებს ამცირებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ შეგვეხოს ისეთი ხელშესახები პრობლემა, რაც გამოწვეულია ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკის რეცესიით.  ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსპორტი არ გვაქვს და ევროკავშირის ქვეყნებთან კი ექსპორტი მზარდია და ეს ძირითადად ეხება სასურსათო დანიშნულების პროდუქციას, მაგრამ მასშტაბში იმდენად მცირეა, რომ ამას დიდი რყევების გამოწვევა ჩემი აზრით, არ შეუძლია.

– ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, რეცესია დაიწყოს, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დაიწყო ფასების შემცირება. ნავთობი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა, ასევე მარცვლეულზე და სხვადასხვა ნედლეულზე ფასები შემცირდა.

ჩვენ ინფლაციას ახლა ვაბრალებთ საგარეო ფაქტორებს და შესაბამისად საგარეო ფაქტორები თუ გამოსწორდება, ეს შესაძლოა, ჩვენს ეკონომიკაზეც აისახოს.

– საგარეო ფაქტორებში 2 ტიპის ფაქტორი უნდა ვიგულისხმოთ. ერთია მიწოდების ფაქტორები, რაზეც ვახდენთ აქცენტირებას და მეორეა მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტორები.

ერთ შემთხვევაში ფასების კლება ნედლეულზე, პოზიტიური ეფექტია მიწოდების ჯაჭვში.

მაგრამ ამავე დროს, როდესაც სასურსათო პროდუქციაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამაზე გავლენას ახდენს მოსავლის სიდიდე და მოსავლის ლოჯისტიკური ჯაჭვის აღდგენა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნავთობზე ფასების შემცირება და ტრანსპორტირების გაიაფება.

მაგრამ მეორეს მხრივ თუ საგარეო მოთხოვნა მზარდად შენარჩუნდება საქართველოში, კონკრეტულად ფულადი გზავნილები რუსეთიდან თუ ასეთი რეკორდული იქნება ყოველთვიურად და ეს ტენდენცია გაგრძელდება, სამომხმარებლო ბაზარი პირიქით გაიზრდება. ამ შემთხვევაში მიმწოდებელთა შემოსავალი იზრდება და ნაკლებსავარაუდოა, რომ საქართველოში პროდუქცია გააიაფონ.

თუ ეს ასე არ მოხდა, საქართველოში საერთაშორისო ბაზარზე გაიაფებული საქონლის ფასების შემცირება მოხდება.

– წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ, რომ ორნიშნა ინფლაცია აღარ გვექნება. შესაბამისად რაღაც პიკს მიაღწევს ეს ფასები და მერე ნელ-ნელა ქვემოთ წამოვა. თუმცა სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ბანკი მაინც შეინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. ანუ მნიშვნელოვანი შემცირება რეფინანსირების განაკვეთის წელს არაა მოსალოდნელი.

– პრინციპში ეს სწორიც არის. მონეტარული ბანკი ამ შემთხვევაში ელოდება საერთაშორისო ფაქტორებს, თუ როდის დასტაბილურება სიტუაცია საერთაშორისო ბაზარზე. ცენტრალურ ბანკს ამ შემთხვევაში უწევს უფრო მძიმე არჩევანი. შეეძლო, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ბანკს, რომ უფრო მკაცრი ყოფილიყო ამ მიმართულებით და მაღალი საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყო.

მაგრამ როგორც ჩანს, ეროვნულმა ბანკმა უფრო სხვა პოლიტიკა აირჩია. დაიჭირა პოზიცია, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკის ზრდის ზომიერი ტემპი და ამავე დროს გვქონდეს ამ ეტაპზე მაღალი ინფლაცია.

– მესმის, რომ ამ ეტაპზე რთულია რაიმე პროგნოზების გაკეთება, როდესაც რეგიონში ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს.

ბევრი რამ შეიძლება, რომ შეიცვალოს. ეკონომიკაში პროგნოზების გაკეთება რთულია და ასეთ შემთხვევაში ყველა შემთხვევაში შეიძლება, შევცდეთ, თუმცა მეც გეთანხმებით, რომ მოსალოდნელია გარკვეული რეცესია, რასაც საერთაშორისო ბაზარზე მოჰყვება ფასების შემცირება და იმედია, რომ ეს რეცესია ჩვენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად უარყოფითად არ აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები