საქართველოსა და ლიტვას შორის საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა.
მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის მობილური ოპერატორების მომხმარებლებს შორის შემომავალ და გამავალ ზარებზე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე და როუმინგში მობილურ ინტერნეტზე ტარიფები თანდათანობით შემცირდება, რაც ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N531/2012 რეგულაციის შესაბამისად მოხდება.
როგორც ,,ფორტუნას“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისიიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობაზე მზაობა ხელმოწერით უკვე დაადასტურეს ლიტვის მობილურმა ოპერატორებმა – „ბიტე ლიეტუვამ“, „ომნიტელმა“ და „ტელე2“-მა; საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი, ასევე, მოაწერეს მობილურმა ოპერატორებმა: „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“.
ცნობისთვის, დოკუმენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ, ფელიქსას დობროვოლსკისმა ხელი, 2016 წლის 20 სექტმებერს, 12:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოაწერეს.