LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა არაჯანსაღი საკვების რეკლამას კრძალავს: ბავშვებზე გათვლილი მარკეტინგი იზღუდება

127
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ევროპაში არაჯანსაღი საკვების რეკლამის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთის მხრივ, ევროკავშირში მზადდება კანონპროექტი, რომელიც ინფლუენსერებს ბავშვებისთვის ე.წ. „ფასტფუდისა” და სხვა არაჯანსაღი პროდუქტების რეკლამირებას აუკრძალავს, ხოლო მეორეს მხრივ, დიდ ბრიტანეთში უკვე ძალაში შევიდა მკაცრი აკრძალვა ტელევიზიასა და ინტერნეტში მსგავსი რეკლამის განთავსებაზე.

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის (BEUC) მონაცემებით, 2025 წელს ინფლუენსერების მიერ გავრცელებული საკვების რეკლამის დაახლოებით 70 პროცენტი ფასიანი იყო. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ბავშვებსა და მოზარდებს ეხება, დღეს ევროპაში ყოველი მესამე ბავშვი ჭარბწონიანია ან სიმსუქნით იტანჯება. სწორედ ამიტომ, BEUC ევროკავშირს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სპეციალური კანონი, რომელიც პოპულარულ ბლოგერებს აუკრძალავს ბავშვებისთვის არაჯანსაღი საკვების რეკლამირებას.

ეს ინიციატივა „ციფრული სამართლიანობის კანონის“ ფარგლებში მუშავდება და მიზნად ისახავს მომხმარებლების დაცვას არა მხოლოდ„ ფასტფუდის”, არამედ სხვა პოტენციურად საზიანო პროდუქტების – მაგალითად, მაღალი რისკის ფინანსური სერვისების აგრესიული რეკლამისგან.

პარალელურად, დიდ ბრიტანეთში 2026 წლის 4 იანვრიდან უკვე ამოქმედდა კანონი, რომელიც ცხიმით, მარილითა და შაქრით მდიდარი პროდუქტების (HFSS) რეკლამას ტელევიზიაში საღამოს 21:00 საათამდე კრძალავს, ხოლო ონლაინსივრცეში – სრულად. აკრძალვა ეხება ტკბილ გაზიან სასმელებს, შოკოლადს, ტკბილეულს, პიცას, ნაყინს და რიგ სხვა პროდუქტებს, მათ შორის ზოგიერთ მარცვლეულსა და მზა კერძს.

ექსპერტების შეფასებით, ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან რეკლამის მიმართ და ადრეული ასაკიდან მიღებული კვებითი ჩვევები მათ ჯანმრთელობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში აისახება. ბრიტანეთის მთავრობის პროგნოზით, ახალი რეგულაციები დაახლოებით 20 000 ბავშვის სიმსუქნის შემთხვევას აიცილებს თავიდან, ხოლო ჯანდაცვის სისტემის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს კვლავ შეეძლებათ ბრენდების ზოგადი რეკლამირება, კონკრეტული არაჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაცია მკაცრად იზღუდება. სპეციალისტები ამ ნაბიჯებს „დაგვიანებულ, მაგრამ აუცილებელ გადაწყვეტილებად“ აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მომავალში ყურადღება უნდა გამახვილდეს ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობისა და ფასების შემცირებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g