ახალი კვლევა გვთავაზობს იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც რუსული პროპაგანდა და ფეიქები ყველაზე ხშირად ქვეყნდება. სიაში პირველი მოლდოვაა.
ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები და ბალკანეთის ქვეყნები – კრემლის დეზინფორმაციული ქსელის „პრავდას“ მთავარი სამიზნეა, ნათქვამია ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმაციის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის ცენტრის ახალი კვლევაში. ექსპერტებმა შეისწავლეს 640 000-ზე მეტი პუბლიკაცია 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე.
მათ აღმოაჩინეს, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსა და ბალკანეთზე მოდის ყველა დეზინფორმაციული ამბის 52%.
კერძოდ, დეზინფორმაციისადმი ყველაზე მგრძნობიარე ქვეყნების სამეულში შევიდნენ მოლდოვა, ლატვია და ესტონეთი, ხოლო სერბეთი და სომხეთი ხუთეულში მოხვდნენ.
ათეულს ლიეტუვა, საქართველო, სლოვაკეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი ავსებენ.
ამ ქვეყნების ერთმანეთთან სიახლოვე და სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმ რეგიონებში, რომლებიც კრემლისთვის სტრატეგიულ ღირებულებას წარმოადგენს, ნათქვამია კვლევაში.
„პრავდას“ ქსელი გახლავთ ვებსაიტების კოლექცია, რომელიც შექმნილია პრორუსული პროპაგანდის გასავრცელებლად. ასევე ცნობილია როგორც Portal Combat, ის მრავალი წლის განმავლობაში ავრცელებს ყალბ ამბებს სხვადასხვა ევროპულ ენებზე.
ქსელი პირველად აღმოაჩინა ფრანგულმა სააგენტო Viginum-მა, რომელიც პასუხისმგებელია ციფრულ მონიტორინგსა და საერთაშორისო ჩარევისგან დაცვაზე. 2024 წლის თებერვალში, მან გამოაქვეყნა ანგარიში ევროპაში ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის კამპანიის გამოაშკარავების შესახებ.
რატომ არის მოლდოვა პირველი?
ერთი მიზეზი გეოგრაფიულია: ის მდებარეობს უკრაინასა და რუმინეთს შორის, წარმოადგენს საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის, ანუ ორ სხვადასხვა გავლენას შორის, ნათქვამია კვლევაში.
კიდევ ერთი მიზეზი პოლიტიკური კონტექსტია: ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში და ამჟამად პროდასავლურ და პრორუსულ ბანაკებს შორის არის მოქცეული. ეს ასევე დაკავშირებულია მის ისტორიასთან: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას აქვს ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული კავშირები მოსკოვთან და ამავე დროს ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას.

როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები, როგორც წესი, ფოკუსირებულია უკრაინის ომზე, ასევე აშშ-სა და ნატოზე.
რუსეთი ასევე მიდრეკილია გააძლიეროს სეპარატისტული ან ულტრამემარჯვენე, ეთნო-ნაციონალისტური ნარატივები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
მთავარი მიზანია ევროპის მოსახლეობის დაყოფა, ქსენოფობიის, ასევე ანტიევროპული განწყობების გაღვივება.
გამოყენებულია ევრონიუსის მასალა
ფოტო: euvsdisinfo
euronews