Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და სავაჭრო სესიის გახსნისთანავე დაახლოებით 30%-ით მოიმატა. შედეგად, ფასმა მეგავატ-საათზე 69,50 ევროს მიაღწია – რაც ენერგეტიკულ ბაზრებზე ახალი დაძაბულობის სიგნალად მიიჩნევა.
ანალიტიკოსები ფასის მკვეთრ ზრდას ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ ვითარებას უკავშირებენ. კერძოდ, საუბარია ირანის გადაწყვეტილებაზე, ჰორმუზის სრუტის დროებით ჩაკეტვაზე. ეს სრუტე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მარშრუტია მსოფლიოში – აქედან გადის გლობალური ნავთობისა და თხევადი გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ევროპისა და აზიის ბაზრებს მიეწოდება.

ენერგეტიკულ ბაზრებზე რეაქცია მყისიერი აღმოჩნდა. იმავე დღეს, აზიურ სავაჭრო პლატფორმებზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მგრძნობიარეა მსოფლიო ბაზარი გეოპოლიტიკური რისკების მიმართ.
ექსპერტების შეფასებით, თუ რეგიონში დაძაბულობა გაგრძელდება და ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების მიწოდება კიდევ უფრო შეიზღუდება, ფასების ზრდა შეიძლება გაგრძელდეს როგორც გაზის, ისე ნავთობის შემთხვევაში. ასეთ პირობებში ენერგიის გაძვირება განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს ევროპულ ეკონომიკაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას.

ანალიტიკოსების თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში კრიზისი გაღრმავდება, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებს შესაძლოა ახალი „ენერგეტიკული შოკის“ რისკი დაემუქროს – სცენარი, რომელმაც წარსულშიც არაერთხელ გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა და ეკონომიკური არასტაბილურობა.
