LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ტურისტად: დინამო საბერძნეთში ექსკურსიაზე მიდის (ვიდეო)

67

არ არის საფეხბურთო ევროპაში ჩვენი ადგილი: გინდა ასე მიუდექი და გინდა ისე. საქართველოს საუკეთესო კლუბმა ეს ერთხელაც დაამტკიცა. თბილისის ”დინამომ” მართალია მშვენიერი ფეხბურთელების მყოლე, მაგრამ მაინც საშუალო ან საშუალოზე ქვემოთ მყოფ გუნდთან პირწმინდად წააგო.

პირწმინდად წააგო მარტო ანგარიშის გამო არა: წააგო სელექციით, მომზადებით, ტაქტიკით, ფეხბურთის ცოდნით, გამძლეობით, განწყობით და ა.შ. დაუსრულებლად.

არადა, ”დინამოს” უკვე ჩატარებული ქონდა რამდენიმე მატჩი და ფორმაში შესვლა-შეუსვლელობაზე წუწუნი აქ აღარ გამოდგება. ოთხი ოფიციალური შეხვედრა (აქედან ორი ზაგრების დინამოსთან) ცოტა არ არის, პლუს ორი თამაში შიდა პირველობაზე და თუ გუნდს 6 მატჩი არყოფნის ფორმაში ჩასადგომად, ის რაღა გუნდია (პლუს მოსამზადებელი ეტაპი საზღვარგარეთ). მაგრამ აქ ეს ალბათ გადამწყვეტი არ ყოფილა. მთავარი მარტივია: პაოკ ”დინამოზე” უკეთესი გუნდია. იქ თითქმის ყველა კაცია, ჩვენთან ზოგიერთი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ბავშვის ტანითა და გამომეტყველებითაა და მიდი და ებროლე ისეთებს, რომლებთაც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში გამოსვლის გამოცდილება აქვთ.

ბისესვარი: ეს კაცი გამოვიდა შეცვლაზე და ა ლეგიონერი ამას ქვია, ისე დანავარდობდა და მოკლე დროში ისეთები ჩაგვიტარა… და სად იყვნენ ჩვენი ლეგიონერები…

გუნდურობა: ეს ხომ საერთოდ სენია ქართველი კაცის და შესაბამისად ქართული გუნდების (ოდითგანვე ნაკრებისაც). პაპუნაშვილს საკუთარი თანაგუნდელები ორჯერ ეჩხუბნენ და მოდი ვაღიაროთ, საჩხუბარი იყო. ვინღა თამაშობს საუკუნის წინანდელ ფეხბურთს, წამის მეასედებში წყდება ყველაფერი, ”დინამოს” ათიანმა კი ეზოში რომ ბავშვები მატაობენ, ისეთი ფეხბურთი წამოიწყო მნიშვნელოვან და სახიფათო ეპიზოდებში და იმიტომაც წერია ”დინამოს” გასწვრივ – 0. აბა გუნდი ვისაც ყავს იმან – 3 – დაიწერა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თუ არა ევროპალიგის მოხვედრა არის მიზანიო, კი გავიძახოდით, მაგრამ აბა წამით წარმოიდგინეთ ”დინამო” (მით უმეტეს სხვა ქართული გუნდი) ლიგაში. რა ზაგრები და რის პაოკ – ყველაზე-ყველაზე გრანდებს რომ თავი დავანებოთ, დორტმუნდის ”ბორუსია” და ლონდონის ”არსენალი” ხომ მაინც შეგვხვდება და მიდი და ითამაშე იმათ სისწრაფეებზე…

არ არის ჯერ ჩვენი ადგილი ევროპაში: ჯერ აქ უნდა მივხედოთ საქმეს – ვისწავლოთ, ვიშრომოთ, გაუტანლობას ვაჯობოთ, ერთ მუშტად შევიკრათ და მერე იქნებ დაგვიფასდეს კიდეც და მოგებას ვინ ჩივის, ეგებ გოლი მაინც გავიტანოთ…

 

 

დინამო 0:3 პაოკი

გოლი: 0:1 ლეო მატოსი 20’ 0:2 კრესპო 71’ 0:3 პერეირა 83’
გაფრთხილება: ლეო მატოსი 56’ რენე სანტოსი 69’ პარუნასვილი 77’

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (თევზაძე 58), ამისულაშვილი, რენე, ჭელიძე, ცინცაძე (ალვარო 70), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (დვალიშვილი 63)

პაოკი: გლიკოსი, ლეო მატოსი, ლევაკი, ხარისისი (კანიასი 46), ჯალმა კამპოსი (პერეირა 81), კრესპო, ჩიმიროტი, მენდესი, შახოვი (ბისესვარი 68), ცაველასი, ათანასიადისი

მსაჯი: ლირან ლიანი (ისრაელი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g