LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა

tuskizurabishvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. დონალდ ტუსკმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ივლისის თვეში ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ – ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უცვლელ მხარდაჭერას.

“ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა განსაკუთრებული და შორსმიმავალია. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 300 ათასზე მეტმა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით. დღეს ჩვენს შეხვედრაზე მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ვალდებულება, რომ გააძლიეროს ჩვენი თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და მას აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგრადობა. დღეს მე ასევე მივესალმე საქართველოს ერთგულებას რეფორმების მიმართ. პრეზიდენტი და მე შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროს პროგრესის მნიშვნელობაზე.

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარების მცდელობების მიმართ ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერის შესახებ. გასულ წელს თბილისმა დაიწყო მნიშვნელოვანი სავაჭრო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ინიციატივების განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ შემდგომი დახმარება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებზეც  გავლენა მოახდინა კონფლიქტმა და ხელი შევუწყოთ დიალოგს.

რეგიონული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს მუდმივი, ძლიერი მხარდაჭერა აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ. მიმდინარე წელს, მოგვიანებით, ვიზეიმებთ მის ათ წლისთავს. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ წლისთავის აღსანიშნავად, 2019 წელს ბათუმში კონფერენციის გამართვის შეთავაზებისთვის.

ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს ივლისში ამ კონფერენციაზე დასასწრებად. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით დასასრულს კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში და ველი მომავალში თქვენთან თანამშრომლობას,” – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები