LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FAO მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავონ

91

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში მარხვის დასრულებასთან ერთად, ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, მომხმარებლისთვის უცნობია.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა NAITS მომხმარებელს მოუწოდებენ, ხორცი საეჭვო ადგილებში არ შეიძინონ. საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია, კერძოდ, სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა – ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა – საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა..) იმპორტირებული ხორციც.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წვრილფეხა საქონლს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს – ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;

ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი). ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს – ბიზნეს ოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და საათი. ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტ-მოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

„FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში, ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15 01.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g