ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ვერსიებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გაეცემა.
„გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც ვუარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რომ გვემტკიცებინა – ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას,ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს. დღეს მოწოდებული ინფორმაციით და არაერთ წყაროში, მათ შორის აფხაზურ მედიაში და რუსულ წყაროებშიც გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ დარწმუნებით ვისაუბროთ რომელიმე ვერსიაზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ცხედარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობით გადმოასვენეს.
„ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ცხედრის გადმოცემა მოხერხდა ოპერატიულად, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა და ცხადია, ექსპერტიზა ბევრ კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხს გასცემს“, -აღნიშნა ციხელაშვილმა.