აზიური ფაროსანას გამოსვლას დაახლოებით, გაზაფხულის ბოლოს ველოდებით. იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოა ჩართული, ბრძოლის ღონისძიებები სწორედ ამ პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ფერმერთა ცნობიერების ამაღლების კამპანიები მიმდინარეობს. მუდმივ რეჟიმში ჩვენს ფერმერებთან ყოველდღიურად ასობოთ შეხვედრა იმართება, რათა მოხდეს კომუნიკაცია, რომ მათ გავაცნოთ იმ ბრძოლის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ მწერთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ მწერის გამოსვლას დაახლოებით, გაზაფხულის ბოლოს ველოდებით. იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოა ჩართული, ბრძოლის ღონისძიებები დაიწყება. პარალელურად, ჩვენ რა თქმა უნდა, ფერმერებთან ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მათი ინფორმირება იყოს სათანადო და თავიანთ ბაღებსა და ნაკვეთებში შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
მისივე თქმით, დონორთა დახმარება დაახლოებით, 5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია. „რა თანხებიცაა მობილიზებული, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხრიდან, წლევანდელი ღონისძიებებისთვის საკმარისია”, -აღნიშნა კერესელიძემ.