LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფასები იზრდება სურსათსა და მთავარი მოხმარების პროდუქტებზე, ამ სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ” –  მაღალი ინფლაციის ფონზე რა ფაქტორები განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

35
ბიუჯეტი

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში 2022 წლის მეოთხე კვარტალიდან რეცესიას, ანუ ეკონომიკის შემცირებას ელოდებიან, ამავდროულად კი საქართველოში პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება.

თუმცა ურთულეს გამოწვევად რჩება ორნიშნა ინფლაცია, ფასები უკვე მეორე წელია მნიშვნელოვნად იზრდება. ამ პროცესის შეჩერებას შეიძლება დაეხმაროს საერთაშორისო ბირჟებზე პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების შემცირება, რომელიც სწორედ რეცესიული მოლოდინების გამო დაიწყო.

რა მდგომარეობაა ქვეყნის ეკონომიკაში და როგორი პროგნოზი აქვს ირაკლი კოვზანაძეს?

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს ირაკლი კოვზანაძე – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

 

– წლის დასაწყისიდან რამდენჯერმე შეიცვალა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. მსოფლიო ბანკმა ჯერ შეგვიმცირა და შემდეგ ისევ გაზარდა, ეროვნულმა ბანკმაც შეცვალა, სხვადასხვა პროგნოზები კეთდება მათ შორის ანალიტიკური ორგანიზაციების მხრიდან.

როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულება და ხომ არ არის ცვლილებები დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში?

– სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენ  მშპ-ს ზრდის მნიშვნელოვან შემცირებას გვიწინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ ის დაახლოებით 3%-თან ახლოს იქნებოდა. მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შეგვენარჩუნებინა ის მაჩვენებელი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გვაქვს ჩადებული და არ იყო გამორიცხული, რომ უფრო მაღალი ზრდა გვქონოდა. ახლაც ამ აზრზე ვრჩები. პრაქტიკაც ამას აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ჩადებული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6%-იანი ზრდა. არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ამ მაჩვენებელს გადავხედოთ. ვფიქრობ, ბიუჯეტის შემოსავლებს, გადაჭარბებით შევასრულებთ და ამას აჩვენებს დღევანდელი დღის პარამეტრებიც, შესაბამისად, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ვიდრე 6%-ია“.

– კარგია, რომ ბიუჯეტის შემოსულებები სავარაუდოდ გაიზრდება, მაგრამ თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმას, რომ ჩვენთან უფრო მაღალი ზრდა არის, ვიდრე პროგნოზირებული იყო. ფაქტია, რომ ომის გავლენა ჩვენთან ცოტა გადაჭარბებულად შეფასდა ჩვენს ეკონომიკაზე.  რა სექტორები განაპირობებენ, იმას, რომ ჩვენ 6 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვექნება.

– საქართველოს ეკონომიკას ჰქონდა ზამბარისებური გაშლა. ამ გაშლიდან მე ვფიქრობ,  რომ ეკონომიკის მდგრად გაშლაზე გავედით. ამ ცვლილებას საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს კიდეც.

11,6%-ით გაიზარდა მაისში, ხოლო 5 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11,2%-ია.
რა განაპირობებს ამას? ვფიქრობ, ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რაც გატარებული გვაქვს.

უპირველეს ყოვლისა საფინანსო სექტორში ჩატარებულ რეფორმებს ვგულისხმობ. ეს არის ფუნდამენტი, რის გამოც ბიუჯეტი მაღალ შემოსავლებს გენერირებს. მოთხოვნა გაზრდილია ყველა მიმართულებით.

ეკონომიკის ყველა პარამეტრში ზრდა გვაქვს. გაზრდილია ექსპორტი, რამაც მოლოდინებს გადააჭარბა და ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები, რომელიც 2022 წლის მაისში თითქმის 170%-ით გაიზარდა. (505 მილიონი დოლარი იყო).  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – მიგრანტები. მომიჯნავე რეგიონებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან მოსახლეობა გარკვეულწილად შემოვიდა საქართველოში და მას მოჰყვა სავალუტო შემოდინებები.

მოთხოვნის ზრდა ქართულ აქტივებზე, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია.

ტურიზმის სექტორის აღდგენის დონე მაღალია. მაისში იმაზე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ველოდით 75%-იან აღდგენას და გვქონდა თითქმის 95-96 პროცენტიანი აღდგენა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ პირველ 5 თვეში თითქმის 38%-ით მოიმატა.

ექსპორტი გაზრდილია 54%-ით და ნახევარ მილიარდს გადააჭარბა მარტო მაისის თვეში.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის ყველა სექტორში გვაქვს ზრდა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ განვითარებაზე ვართ გასული და ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ბიუჯეტი 6%-ზე მეტად გაიზარდოს,“

– ამ ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვაქვს, მაისშიც და ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ინფლაცია. როგორია პროგნოზი ამ მიმართულებით. საერთაშორისო ბირჟებზე დაიწყო გარკვეული შემცირება სწორედ ამ რეცესიული მოლოდინების გამო.

ამას პროგნოზირებენ ეკონომისტები და ეს ნავთობის ფასზეც აისახა. თუ მოახდენს დადებით ზეგავლენას საერთაშორისო ბირჟებზე, პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების შემცირება ჩვენს ინფლაციაზე.

როცა ვსაუბრობთ ახლანდელ ინფლაციაზე, ვამბობთ, რომ ეს საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული და არა ვთქვათ, ლარის გაუფასურებით…

– გეთანხმებით, მაღალი ინფლაცია პრობლემაა. ეს წლის მთავარი გამოწვევაა ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემა და გამოწვევაა. იცით, რომ ინფლაციაზე მოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა. (განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა).

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ფულადი საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცრა, გარკვეული შემცირება გვაქვს, წლიური ინფლაცია იყო 13,3 იყო მაისში და ივნისში გვაქვს, 12.8. ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეს  მტკივნეული პრობლემაა საქართველოს მოსახლეობისთვის და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

მოსახლეობა ამას გრძნობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ფასები იზრდება იგივე სურსათზე და მთავარი მოხმარების პროდუქტებზე, რაც ყველას აწუხებს. ამ სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ.

ვფიქრობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მონეტარულ სფეროში უნდა შევინარჩუნოთ გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ანუ ძვირი ფულის პოლიტიკა, ხოლო ფისკალურ სფეროში ბიუჯეტის დეფიციტი უნდა უნდა შევამციროთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

– სავალუტო ფონდის ბოლო რეკომენდაციაც იყო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, რაც შეიძლება მეტად შემცირდეს, მით უფრო თუ შემოსულობები იზრდება. ეს თავისთავად მოგცემთ საშუალებას, რომ დააკორექტიროთ და არა პროგნიზირებული მაღალი დეფიციტი იყოს, არამედ შედარებით ნაკლები.

– ვფიქრობ, გამოსავალი ორი მიმართულებაა ინფლაციასთან დაკავშირებით. მონეტარულ სფეროში გამკაცრებული ფულად – საკრედიტო პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ და ფისკალურ სფეროში ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შევამციროთ.

ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს, რომ 4,4%- იანი დეფიციტი, გვქონდეს.

ვცდილობთ, რომ დეფიციტი  4%-ს ქვემოთ გვქონდეს და 3. 5 %-იანი დეფიციტით  დავამთავროთ წლევანდელი წელი, რაც ხელს შეუწყობს, ინფლაციის დათრგუნვას. ანუ ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ინფლაცია შევამციროთ და იმედი მაქვს, რომ ეს გავლენას მოახდენს ლარის კურსზეც.

– პროგნოზებზე და მოლოდინებზე ისაუბრეთ, მაგრამ ბოლოს მაინც შემაჯამებლად მინდა გკითხოთ. მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის შემოსულობები გაიზრდება და ამან შესაძლებელია გამოიწვიოს გარკვეულწილად ხარჯების ზრდაც, მაგრამ თავისთავად დეფიციტის ფარგლებში. 4%-ზე ნაკლებ დეფიციტს ვარაუდობთ თქვენ და თავისთავად ბიუჯეტის ნაკლები დეფიციტი ნაკლები ზეწოლაა უკვე ლარის კურსზეც…

– ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ. ამას ვგრძნობთ, ყოველდღიურად ციფრებს ვუყურებ და ვაკონტროლებთ პარლამენტიდან ამას და მე ასევე ვფიქრობ, რომ მშპ-ს ზრდის ჩვენ უფრო მაღალი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე 6%-ია ჩადებული სახელმწიფო ბიუჯეტში და მიმაჩნია, რომ იმისათვის, რომ ინფლაცია დაითრგუნოს, აუცილებელია, რომ მონეტარულ პოლიტიკაში გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შევინარჩუნოთ და ბიუჯეტის დეფიციტი შევამციროთ და ამის შესაძლებლობაც გვაქვს ჩვენ.

– რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზეც უნდა იგრძნოს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, არამხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები