„ვფიქრობთ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც რისკების მართვას ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის,“ – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ფაშინიანმა ყურადღება ორი ქვეყნის რეგიონულ თანამშრომლობასა და შესაძლებლობებზე გაამახვილა და პრემიერს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელი ჩვენი განხილვების მნიშვნელოვანი აზრი იყო ის, რომ ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს, რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.
სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ვცდილობთ, დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პარალელურად არსებობს და ვფიქრობთ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც რისკების მართვას ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრეზიდენტმა პრემიერს სომეხი ჯარისკაცის დაბრუნების საქმეში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ამ დღებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება, ამ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია იმის, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობების ურთიერთობები უფრო შედეგიანი და ლოგიკური იყოს. შევთანხმდით, რომ სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას,“ – დასძინა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს და ეს ეხება არამხოლოდ სომხეთს და საქართველოს.
„ჩვენ განვიხილავთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი რომ უფრო გავზარდოთ. საუბარია ტრანზიტულ გზებზე. პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში. ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ჩვენ ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით,“- განაცხადა ფაშინიანმა და დაამატა, რომ ამასთანავე, პანდემიის პერიოდში სომეხი და ქართველი სპეციალისტები თანამშრომლობას განაგრძობენ.
