პარლამენტში გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს უსმენენ.
პრემიერმა დაახლოებით ერთი საათი დაუთმო წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა და რთულ პერიოდებზე საუბარს. აღნიშნა, რომ ქვეყნის მიზანი არ შეცვლილა და ის კვლავ ნატოს სრულფასოვანი წევრობაა.
ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა.
ოკუპაცია კვლავ უმთავრესი გამოწვევაა, რუსეთი უაღრესად აგებს პასუხს – გიორგი გახარია
„არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე ღირსეულად, სამართლიანად ემსახურო შენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აცხადებს პრემიერი.
სიტყვის გამოსვლის შემდეგ პარლამენტარებმა პრემიერს 51 კითხვა დაუსვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ გახარიას მიმართა:
„ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 ათას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ- 400- ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. 400 ათასი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ, რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის დასაქმებულები, რომლებიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას“.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ კითხვა, გორში დღეს მომხდარ ინციდენტზე დასვა და იქვე დასძინა, რომ გახარიას არ შერჩება ერთი წლის წინ ჩადენილი დანაშაული.
„მაინტერესებს, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის დარბევა მოხდა? ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? მოლოდინები რომ გვქონდეს იმიტომ, რომ გვახსოვს ღარიბაშვილისეული საარჩევნო კამპანია, რომელიც სწორედ ასე მიმდინარეობდა – დარბევებით და მაინტერესებს, ღარიბაშვილისგან ისწავლეთ ბატონო გახარია ამგვარი დარღვევები და ასე აპირებთ თუ არა თქვენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. როგორც ჩანს, სურვილი გაქვთ, ღარიბაშვილთან ერთად, ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების სიაში თქვენც შეხვიდეთ.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვა უკანონო ჩანაწერების გავრცელების საკითხზე, რომელიც, მისივე განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაიწერა. ხოლო როდესაც ჩანაწერი გავრცელდა, გახარია შსს-ს მინისტრი იყო.
„ვინ დაგეგმა ეს დანაშაული? მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ პასუხს აუცილებლად მივიღებ. ეს იქნება დღეს, ხვალ, თუ რა დროც არ უნდა დაჭირდეს ამას. მე თქვენ მინდა გკითხოთ, ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. ქალბატონი მაიას ნერვებს ვუფრთხილდები, მასთან უკაცრავად, მაგრამ მე ამ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ და არ დავიღლები იქამდე, ვიდრე არ გავიგებ კონკრეტულ სახელს და გვარს, არა კოლექტიურს. ეს იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს“.
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ინტერესდება, რას უპირისპირებს ანტიდასავლურ პროპაგანდას აღმასრულებელი ხელისუფლება.
„უმრავლესობა საუბრობს ყალბ ამბებზე და ამ კონტექსტს უკავშირებს კონკრეტულად სამ ტელევიზიას. როგორც ჩანს, ეს ახალი საარჩევნო სტრატეგიაა და, როგორც ჩანს, ეს ხაზი გაძლიერდება, გაგრძელდება. როგორ ჩანს, გუშინ რაღაც ახალი ფაზა გაიხსნა საარჩევნო კამპანიის და სამიზნე აღმოჩნდა ის სამი არხი, რომლებსაც ხელისუფლება არ მიიჩნევს მასთან აფილირებულად და მიაჩნია ოპოზიციურ არხებად. იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლებას მედიის დიდი ნაწილი საკმაოდ დაახლოებული ჰყავს და ზოგიერთს აქტიური პროპაგანდისთვის იყენებს, ხოლო სოციალური ქსელების ნაწილის გაუქმება დასჭირდა „ფეისბუქს“ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური თუ რაღაც სხვა ტიპის პროპაგანდა, მათ შორის ანტიდასავლურიც, ამის ტემპი ცოტა შეენელებინა, თქვენი აზრით, ეს საარჩევნო სტრატეგია და ის ყველაფერი, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, როგორ აისახება, თქვენი აზრით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შეფასებაზე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან“.
უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ წამოჭრა საკითხი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლმა ძველი ადგილი დაიბრუნოს. თავად ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ ძეგლი თავდაპირველ ადგილს უნდა დაუბრუნდეს.
„ჩემი კითხვის ავტორები არიან დიდი მეცნიერები, ღვაწლმოსილი ადამიანები, მეცნიერებათა აკადემია და მოსახლეობა – რას ფიქრობთ თქვენ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული“.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ხელისუფლება სიბნელეში აცეცებს ხელს, როდესაც საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გაახანგრძლივა.
„გადაეცით ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია“, ასეთი ლაკონური და უხეში იყო დღეს ელენე ხოშტარია, როცა სუსში საბოტაჟის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაბარებაზე გააკეთა განცხადება.
„კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს რომ ფეხებზე გვკიდია,“-განაცხადა ხოშტარიამ.
როდის მიიღებენ მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხულ 100 მილიონს, ამით დეპუტატი ნატო ჩხეიძე დაინტერესდა.
„ამბობთ, რომ დახმარების გაცემას გაჭირვების დროს დაიწყებთ, მაგრამ ამაზე მეტად როდისღა უნდა გაუჭირდეთ მოქალაქეებს“?
„წულუკიანს სძულს ადამიანები, სახეზე აწერია“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. მის ამ სიტყვებზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, პირბადე ჩამოიწია. ნადირაშვილმა განაგრძო გახარიასადმი მიმართვა:
„მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც ბაჩანა შენგელიას მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, შეუჩერა საქმიანობა. გასაგებია, ქალბატონ წულუკიანს სძულს ადამიანები. გასაგებია, სახეზე აწერია მას. მაგრამ ის, რომ თქვენს სახელთან იყო რაღაცნაირად დაკავშირებული ის უბედურება, არ გეუბნებით, რომ ასე იყო, არ იყო ასე, ყოველ შემთხვევაში, კითხვები ხომ არსებობდა თქვენს სახელთან დაკავშირებით, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით“.
კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად გახარიას ერთი საათი აქვს. პარლამენტში შესვენება გამოცხადდა.