LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმელი, კვება, საათები, უწყების ჩაძირვის მცდელობა: ღარიბაშვილის 40-წუთიანი განმარტება მთავარი ტრიბუნიდან

161
ღარიბაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრს უსმენენ. ქვეყნის მთავარი ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის 40-წუთიანი სიტყვა მოვისმინეთ, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო იმაზე, რომ ყველა რეფორმა სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. წლის ბოლოს სრულად მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა გვექნება, რითაც ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებს შევუქმნით, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

„ყველა რეფორმა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას ემსახურება. ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. ეს პრობლემები არ ყოფილა რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი, ეს ფაქტობრივად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემებია, რომლებიც ვერ გადაჭრა ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ. დავიწყეთ პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს ვხარჯავთ წელს. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პანდემიის მიუხედავად, დღეს უკვე სამუშაოები 50 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში დესტრუქციული ძალების გააქტიურებით და უპასუხისმგებლო ქმედებებით ქვეყანაში რყევები ძლიერდება.

„რა თქმა უნდა, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ ერთ მიზანს წარმოდგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა,  მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია, ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები და ინდივიდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში უწყების ჩაძირვას  ცდილობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას.

„რიგ შემთხვევაში, დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს – სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების, თუ სადენზიფექციო ხსნარების შეძენის საკითხებით მანიპულირება. ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებს იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება“.

მინისტრის თქმით, აღნიშნული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა კორონავირუსის პანდემიის დროს.

„აღნიშნული მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების მიერ გამოვლენილი მაღალი ეფექტური რეაგირების ფონზე. დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალებისა და პირადად ჩემს მიმართ, ჩემ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის მიზანია საზოგადოების თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი იდეის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებით ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვის უნარიანობის მოშლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ამის პასუხად მთავრობის პოლიტიკაა სტაბილურობა და განვითარება.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ოკუპაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. კავკასიის რეგიონზე დემოკრატიული სამყაროს წვდომისთვის ჩვენს ქვეყანას გააჩნია კრიტიკული მნიშვნელობა. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არასებობა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ მე-7, მე-4 სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის „მინისტრის საათიდან“ მხოლოდ ერთი მოლოდინი აქვს, რამდენჯერ გადაუხდის ბატონ ბიძინას მადლობას. ღარიბაშვილს ჯერჯერობით ივანიშვილისთვის მადლობა არ გადაუხდია. ამ წუთებში მას პარლამენტარები კითხვებს უსვამენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g