LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეხზე დამხედა… სიცივისთვის შეუფერებელი ფეხსაცმლით ვიყავი მისული. მახსოვს, წითელი კედები მეცვა. მკითხა თავისი თბილი და მშვიდი ხმით – არა გცივა?“ – რას იხსენებს „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე საქართველოს პატრიარქის შესახებ

2275
დავით ცინცაძე

ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი, მომღერალი დავით ცინცაძე ვრცელ სტატუსში იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მასთან ურთიერთობას:

„არ მგონია ვიყო ის, ვინც რამეს უნდა ამბობდეს მასზე, როგორც საქართევლოს პატრიარქზე, როგორც ერის მამაზე, პოლიტიკოსზე, ერის განმანათლებელზე, ადამიანზე, რომელმაც მომაკვდავ საქართველოს კიარ უჭირისუფლა – მკვდარს სული ჩაბერა და გააცოცხლა, დაახლოებით ისე, როგორც დიდმა ილია ჭავჭავაძემ. მაგრამ, მინდა რიგითი მოქალაქის სამძიმარი ვთქვა. როგორც ყველას, მეც ორი სიტყვა მიტრიალებს გონებაში – მომიხსენეთ და მადლობა!

პატრიარქმა გარდაცვალებით ის საქართველოც დაგვანახვა, რაც არ გვინახავს. სიყვარულისთვის, ნდობისთვის გაერთიანებული ხალხი, რომელიც ისტორიისთვისაც დაუჯერებლად დიდძალი რაოდენობაა. აქედან ჩანს, რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ შეგვიძლია გაერთიანება და ისიც ჩანს თუ რა რთულია ჩვენნაირი კრიტიკული ერის ნდობის და სიყვარულის მოპოვება, რაც პატრიარქმა შეძლო!

მინდა, სამძიმარი გამოვხატო ადამიანზე, რომელსაც ვიცნობდი. ადამიანზე, რომელმაც შემოატრიალა საზოგადოება ეკლესიისაკენ და ეს მოახერხა ახალგაზრდების ინიციატივითა და ჩემი თაობის ხელით.

მახსოვს, მასთან პირადი ურთიერთობა მქონდა (ეს იყოს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში გალობის დროს, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით), და პატრიარქის საოცარი ნიჭითა და ხედვით ჩვენ, ბავშვებს, მშობლები მიგვყავდა ტაძარში და ამას ჩვენდა უნებურად ახერხებდა. ჩემ თვალწინ ბავშვების დახმარებით ოჯახებში შეღწია მისმა ლოცვამ. შეძლო, რომ ყველა მოზარდამდე მიეღწია მის მადლს…

ჯერ კიდევ პატარა, 13-14 წლის ვიქნებოდი, როცა სვიმონ ჯანგულაშვილმა პატრიარქთან პირველად შემიყვანა სიონის ტაძრის საკურთხეველში და ძირითადი საკონტაქტოც სვიმონი იყო, რისთვისაც მინდა, საჯარო მადლობა ვუთხრა მას. პატრიარქმა დამლოცა და მის მგალობლად მაკურთხა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, არავინ იყო პატრიარქთან მუსიკალური და შემოქმედებითი პროცესით დაკავშირებული იმაზე მჭიდროდ, ვიდრე სვიმონი Simon Von Gustavson. რომელიც ისე ღირსეულად, ჭეშმარიტად და თავშეკავებულად გლოვობს, ვფიქრობ, სამაგალითო უნდა იყოს ბევრი მუსიკოსისთვის და არა მხოლოდ მუსიკოსისთვის.

როცა პატრიარქთან სტუმრები მობრძანდებოდნენ, მისი გუნდი სულ თან უნდა ჰყოლოდა. სტუმრებს ასმენინებდა ქართულ სიმღერა-საგალობლებს, თანაბარი სიხარულით ესაუბრებოდა საქართევლოს სიმდიდრეზე ქართველსაც და უცხოელსაც. ამით თავად იყო ძალიან ბედნიერი. სულ

ჩანდა, რომ მას მაღალი ესთეტიკა, ინტელექტი და იშვიათი გემოვნება ჰქონდა. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა, დარგის სპეციალისტისთვისაც სიახლე იყო. რეალურად კი მადლი ჰქვია ამას – ახლა ვხვდები.

თითქმის ყველა ახალ წელს, შობას, აღდგომას და ისეთ დღეებს, რომელსაც ადამიანები ძირითადად ოჯახებთან ერთად ხარობენ, ჩვენ ღვთისმსახურების შემდეგ მის უწმინდესობასთან ერთად ვატარებდით. იყო შემთხვევები ძალიან მცირე შემადგენლობით, ვმსხდარვართ და გვისაუბრია.

ერთხელ, წვიმიანი და ცივი დღე იყო. მასთან გუნდი მცირე შემადგენლობით მივედით და არ ვიცი, როგორ მოხდა, ბოლოს კიდევ უფრო ცოტანი რომ შემოვრჩით, ფეხზე დამხედა. მე მაშინდელი მოდის მიხედვით, როგორც ჩანს, სიცივისთვის შეუფერებელი ფეხსაცმლით ვიყავი მისული. მახსოვს, წითელი კედები მეცვა. მკითხა თავისი თბილი და მშვიდი ხმით – არა გცივა? დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა… ჰო, ჰო, ფეხზე არა გცივა? არა, ვუთხარი გაკვირვებულმა. როგორ არა?! შეგცივდება! ხმა აღარ ამოვიღე. მერე წამიყვანა თავის ოთახში, სულ ახალი ფეხსაცმელი ეჩუქებინა მისთვის ვიღაცას და ის მომცა – აბა ჩაიცვი! – ჩავიცვი.

-დიდი გაქვს? მეკითხება. ხომ არ მოვატყუებდი, საქართველოს პატრიარქი მესაუბრებოდა. -დიახ, დიდი მაქვს. ვუპასუხე მეც. წინდებიც მოუტანე დედაო. დაავალა იქვე ერთ-ერთ მონაზონს. – აბა, წინდები ჩაიცვი და ისე ნახე. ჩავიცვი წინდები და ისე ვნახე. თან ამ პროცესს თვითონაც ისე დიდი ინტერესით აკვირდებოდა – ოდნავ ქვემოდან ამოხედვა როგორც იცოდა ხოლმე. – კარგად მაქვს ვუპასუხე მეც და დამიდასტურა – ჰო, კაია, აბა, გაიარ-გამოიარე. გავიღიმე, გავიარ-გამოვიარე – ,,გიხდება, აი…” და გაიღიმა…

ახლა ამას რომ ვიხსენებ, გული მეწვის, როგორ უცებ გავიდა დრო და შეიცვალა ყველაფერი…

მე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პატრიარქები და სხვა სტუმრები როცა მასთან მოდიოდნენ, ჩვენი ერის მამა როგორი სილაღითა და სიდიადით, სიმართლით და ყველასათვის დიდი მოწყალებით ხვდებოდა მათ. მისი ღიმილი და ხელგაშლილობა – საოცარი სანახავი იყო. ამის პარალელურად, ვინც მოდიოდა, ყველა კრძალვითა და რიდით მიეახლებოდა ხოლმე.

კადრებად მახსოვს ყველაფერი და ამ კადრებში მეც რომ ჩემს თავს ვიხსენებ, იმაზე ვდარდობ, რომ კიდევ მეტი დრო შემეძლო მასთან გამეტარებინა და ვერ შევძლელი.

სულ გვეუბნებოდა – ადრე უნდა დაოჯახდეთ, პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეთ და მე უნდა დაგლოცოთო. ჩემ შემთხვევაშიც ასეც მოხდა. ქორწილის დღეს მასთან მივედით, დაგვლოცა, საჩუქრები გამოგვატანა და მოგვიწონ-მოგვილოცა გადაწყვეტილება.

თუმცა, უნდა ვთქვა, მისი უწმინდესობა ასეთი არ იყო მარტო ჩემთან, ან მე რა მოსატანი ვარ, ისეთი თბილი იყო სხვებთანაც და ცხადია, ბევრად ჩემზე ახლოს იცნობდა მას სხვა ბევრიც.

ბოლოს როცა Shavnabada • შავნაბადა შევხვდით შობა იყო, პანდემიის პერიოდი. დიდი სიფრთხილითა და შერჩევით შედიოდა მასთან ყველა. შესაბამისად საპატრიარქოში სტუმრიანობის უჩვეულოდ სიმცირე შეინიშნებოდა. შეხვედრა საპატრიარქოს მთავარ დარბაზში იყო. ეპისკოპოსები ულოცავდნენ, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრები მოეტანათ და ჩვენ დიდი ხნის უნახავობის თუ ინფორმაციის გაუცვლელობის გამო გვინდოდა მისი გახარება. ვმღეროდით, ვულოცავდით და შემდეგ ჩემი მილოცვის ჯერიც დადგა. კახა მიქიაშვილმა მანიშნა, ახლა შენი სიტყვის ჯერიაო. მივუახლოვდი უწმინდესს და მილოცვასთან თუ სხვა ამბებთან ერთად ვუთხარი ჩვენთვის მთავარი: თქვენი ლოცვა კურთხევით საგალობლების თვითმასწავლებელი კრებული რომ გამოვეცით, ორი ნაწილი კი ნახეთ წლების წინ, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ პროცესი არ გაგვიჩერებია. მას მერე ქორწინების, მღვდლადკურთხევის, ნათლობის, აღდგომის და ახლა შობის ღვთისმსახურების საგალობლების სასწავლო კრებულები გამოვეცით-მეთქი და კრებულები იქვე ახლოს, კოვიდ-რეგულაციების გათვალიწინებით მაგიდაზე დავალაგე.

თვალდახუჭული ისმენდა ყველას საუბარს და მილოცვას. ამჯერად თვალები პირველად გაახილა, თავი წამოწია, კრებული ხელში აიღო, მსუბუქად გადაათვლიერა – შეგიწიროთო თქვა და ჩუმად დაგვლოცა.

მის უწმინდესობას ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის საქმეში ისევე როგორც სხვა ეროვნულ საქმეებში, უდიდესი ღვაწლი აქვს. ამის დასტურად გარდა ყოველდღიური გაწეული შრომისა თუ წუხილისა, არსებობს ქართული გალობის შესახებ, 2003 წლის, 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩინება, სადაც მკაფიოდ წერია ქართული ღვთისმსახურების დროს ქართული გალობის ვალდებულების შესახებ. ამდენად გასაკვირი არ იყო, მას დიდი ინტერესი ქონოდა გალობის კრებულების შესახებ.

რამდენი ფიქრია და რა უნდა ვთქვა…

თუმცა კი რამდენი რამ მითქვამს სხვადასხვა დროს მეც და გუნდის სხვა წევრებსაც და რამდენი რამ მოუსმენია ჩვენგან არეულ-დარეული.

მადლობა!

მომიხსენეთ, თქვენო უწმინდესობავ!

მადლობა ღმერთს გაგვხადა ღირსი ვყოფილიყავით თქვენი პერიოდის.

„ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა. რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ და მაღალ ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.”

დაგვლოცეთ თქვენო უწმინდესობავ! მიეც შენ ხალხს, რწმენა და ნუგეში თქვენი იმ ქვეყნად გარდაცვალება დავინახოთ ისე, როგორც ამას თქვენ ხედავდით – ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო…”

გილოცავთ! თქვენ შეუერთდით იმ ხშირად ნახსენებ ზეციურ საქართველოს, რომელსაც ასე ხშირად ნატრობდით!

მოგვიხსენეთ, რომ ისევ შევხვდეთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g