LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ რიკერი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა, მხარეებმა შარლ მიშელის დოკუმენტი, ასევე სასამართლო და საარჩევნო რეფორმა განიხილეს

45
Untitled design

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც რიკერთან შეხვედრის დროს განიხილეს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოიციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმებასა და მის იმპლემენტაციაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისა და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კრიზისს თავი დააღწიოს:

“შეხვედრაზე უმთავრესად განსახილველი საკითხი იყო სასამართლოს რეფორმა, როგორც უმთავრესი და ფუნდამენტური ინსტიტუცია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სწორად წარიმართოს. ასევე საარჩევნო, პოლიტიკურ საკითხები, პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკაში პოლარიზაციის საკითხები. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი ხედვები შევთავაზეთ რიკერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური კრიზისი იყოს დაძლეული, როგორ გატარდეს ეს აუცილებელი რეფორმები.” – თქვა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ფილიპ რიკერი სასამართლოში არაფორმალური გავლენების საკითხებზეც საკმაოდ კარგად არის  ინფორმირებული და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი  ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა:

“შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს კონტექსტში ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ ინფორმირებულები. პრინციპში, ის საკითხები რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, იგივე სასამართლოში არაფორმალური გავლენების საკითხებზე, საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებული. ამდენად, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნდამენტური რეფორმები, რათა პოლიტიკური კრიზისი იქნას დაძლეული გრძელვადიან პერსპექტივაში. სასამართლო კლანის შესახებ, მინდამ გითხრათ, იყვნენ ძალიან კარგად ინფორმირებულები, სწორედაც იმ არაფორმალური გავლენების შესახებ ჩვენ დამატებითი მაგალითებიც მივაწოდეთ. გვქონდა საკმაოდ გახსნილი და ღია საუბარი ამ საკითხთან მიმართებითაც.” – განაცხადა მან.

როგორც საია-ს ხელმძღვანელმა თქვა, არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფი, ფაქტობრივად დღეს გარიგებაშია ხელისუფლებასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას აწყობს, მისი თქმით, შეხვედრაზე ამ საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება:

“შევთავაზეთ, რომ გამოსავალი არის ძალაუფლების გადანაწილებაში, როდესაც ერთპიროვნულად უმრავლესობა მართავს სიტუაციას, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ხელშია სასამართლოც. ძალიან კარგად ხედავენ თვითონაც, რომ არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფი, ფაქტობრივად დღეს გარიგებაშია ხელისუფლებასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ხელისუფლებას აწყობს. რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე იყო საუბარი, ასევე იმაზე, რომ აუცილებელია, ძალაუფლება არ იყოს ერთის ხელში, რადგან სასამართლო არ არის უბრალოდ უმრავლესობის, სასამართლო არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის. ჩვენს სტუმრებს კარგად ესმით ის კონტექსტი, რომ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვისაც  უნდა ჰქონდეს უმრავლესობა, ეს პრობლემები კვლავაც იქნება, თუ ძალაუფლების გადანაწილება არ მოხდება.” – თქვა სიმონიშვილმა.

შეხვედრა შეაფასა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმაც. მისი თქმით, ისაუბრეს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებასა და საარჩევნო რეფორმაზე:

“ვისაუბრეთ პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის და არჩევნები ისეთი სისტემით უნდა ჩავატაროთ, რომ შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს, იმისთვის, რომ შემდეგი პოლიტიკური კრიზისი არ დაიწყოს ქვეყანაში.” – თქვა გიგაურმა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ კი აღნიშნა, რომ ისაუბრეს ძალაუფლების გადანაწილების ისეთ პრინციპებზე, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს უზრუნველყოფს:

“ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა იყოს ძალაუფლება დანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს შორის იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები უსმენდნენ მოქალაქეებს და მათს საჭიროებებს პასუხობდნენ, ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად. ცხადია, ყურადღება გავამახვილეთ არჩევნებზეც.” – თქვა დოლიძემ.

შეხვედრას აფასებენ აშშ-ს საელჩოში და აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობა პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით:

“დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშრისო პარტნიორებთან, რათა ამ ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზაზე.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

magti 5g