LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი სატვირთო მძღოლების აქციაზე მივიდა

91

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლილოში, სატვირთო მძღოლების აქციაზე მივიდა. მაჭავარიანი ამ წუთებში იმ მძღოლს ხვდება, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა.

მინისტრის მისვლამდე გაფორმების ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი შენობის სახურავზე ასული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სახურავიდან ჩამოვიდა, თუმცა თვითმკვლელობით მაინც იმუქრება.

შეგახსენებთ, მან საწვავი უკვე რამდენჯერმე გადაისხა. სამართალდამცველებს მძღოლთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ, რადგან მძღოლი კვლავ თავის დაწვით იმუქრება.

ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

მანამდე ფინანსთა მინისტრის ბრძანება 19-მა ბიზნესოპერატორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხორბლის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველო” ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს საქართველოს პარლამენტში იბარებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანა 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა აკრძალვის ვადა 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ფინანსთა მინისტრმა აგვისტოს დასაწყისში ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ ხორბლის სახმელეთო გზებით გადაზიდვა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო, მანამდე კი ეს ისედაც საზღვაო და სარკინოგზო რესურსებით ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა.

magti 5g