LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით… ივანიშვილი თავის მმართველობას საქართველოს მოქალაქეების 5 მილიარდის მითვისებით ასრულებს… ესაა „პენსიების ქურდი კანონი“ – ნიკა გვარამია

220
ნიკა გვარამია

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საქართველოს მოქალაქეების ფულის მითვისების მიზნით“ – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით „იაფი ფულის დარიგების დაპირებით მოსული ბიძინა ივანიშვილი თავის მმართველობას საქართველოს მოქალაქეების 5 მილიარდის მითვისებით ასრულებს.“

გვარამია ამბობს, რომ ცვლილებებს დაგროვებით პენსიის კანონში, სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა „პენსიების ქურდი კანონი.“ მისივე თქმით გამოსავალი დაგროვილი ფულის დასაბრუნებლად „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხებაა.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა სანქციების, საერთაშორისო სკანდალების საფარქვეშ ფინანსური სპეცოპერაცია დაიწყო, საქართველოს მოქალაქეების ფულის მითვისების მიზნით – საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის მითვისების მიზნით. იაფი ფულის დარიგების დაპირებით მოსული ბიძინა ივანიშვილი თავის მმართველობას საქართველოს მოქალაქეების 5 მილიარდის მითვისებით ასრულებს და ივანიშვილი რომ მმართველობას ასრულებს სრულიად დარწმუნებული ვარ და მინდა, რომ თქვენც დაგარწმუნოთ.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილია ცვლილებები დაგროვებითი პენსიის კანონში, რომელსაც პარტია „ახალში“ „პენსიების ქურდი კანონის“ სახელით მოვიხსენიებთ. „პენსიების ქურდი კანონის“ თანახმად საპენსიო თანხის განკარგვის უფლება გადაეცემა ერთპიროვნულად საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მიერ არჩეულ და კონტროლირებად პირებს. თუ აქამდე ამ თანხას მართავდა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც მიუკერძოებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განკარგავდა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ 5 მილიარდს და მომავალში კიდევ უფრო დიდ თანხებს, დღეს მდგომარეობით ივანიშვილი და მისი მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ერთპიროვნულად გადაწყვეტენ, ვინ უნდა განკარგოს ეს თანხა.

შესაბამისად, მათ კონტროლი ექნებათ, როგორ უნდა განიკარგოს ეს თანხა – თქვენი თანხა. ამ შემთხვევაში თქვენს 5 მილიარდზე ვსაუბრობ, რომელიც გამოყენებული იქნება ივანიშვილის და მისი კარის ბიზნესმენების პირადი კეთილდღეობისთვის, მათი სანქციების და ფინანსური სანქციებით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. ეს სანქციები აუცილებლად იქნება. არა მარტო ივანიშვილზე გავრცელდება ფინანსური სანქციები, არამედ მის კარის ბიზნესმენებზე. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ოფშორების კანონის მერე მიიღოს ახალი „პენსიების ქურდი კანონი“, რომლის მეშვეობითაც იგი თავს დააღწევს სამართლიან სანქციებს და ამით მიყენებულ ფინანსურ ზიანს. პირველ რიგში, ეს მომავალში საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებული იქნება. იცოდეთ, რომ ის, რასაც წინასაარჩევნოდ დაგირიგებენ, გინდა ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გინდა წინასაარჩევნო მოსყიდვის მეშვეობით, არის თქვენი ფული.

ასევე, ამ ფულის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენების ინტერესები დაკმაყოფილებული იქნება“ – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g