ფინეთის პრემიერმა სანა მარინმა გადაწყვიტა, რომ გოგონათა საერთაშორისო დღეს Girls Takeover–ს შეუერთდეს და თავისი სკამი ერთი დღით სხვას დაუთმოს. გოგონათა საერთაშორისო დღე ევროკავშირის მიერაა ინიცირებული და ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლიდერთა ადგილებს გოგონები იკავებენ.
ფინეთში პრემიერ–მინისტრის მოვალეობას 16 წლის ავა მურტო შეასრულებს. წლევანდელი აქციის მიზანი ხელისუფლებასა და ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაზრდაა. ფინეთში კამპანიას ხელისუფლების გარდა სხვა ბევრი კომპანიაც შეუერთდა და ტექნოლოგიებში გენდერული თანასწორობის დაცვას შეეცადა.
ივენთის ფარგლებში ქვეყნის ნამდვილი და დროებითი პრემიერი საერთაშორისო სცენაზე ფინეთის როლს განიხილავენ, ისაუბრებენ ძალადობაზე რომელსაც ახალგაზრდა ქალები ონლაინ აწყდებიან და ასევე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებსაც სათანადო ყურადღებას დაუთმობენ.
აღსანიშნავია, რომ ფინეთში Girl Takeover–ს წელს მეოთხედ აღნიშნავენ, ზოგადად კი ეს დღე გაეროს ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელ გოგონებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
