ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Company-მ სპეციალური ოფროუდ ვერსია წარმოადგინა – Ford Bronco Filson, რომელიც კომპანია Filson-თან თანამშრომლობით შეიქმნა. Filson ცნობილია აქტიური დასვენებისა და მოგზაურობისთვის განკუთვნილი ტანსაცმლისა და აღჭურვილობის წარმოებით.
ახალი მოდელი გამორჩეულია როგორც გაუმჯობესებული გამავლობით, ისე უფრო მდიდრული და პრაქტიკული ინტერიერით. კომპანიაში აცხადებენ, რომ Bronco Filson მიმდინარე მოდელურ ხაზში ყველაზე „ჩუმი“ Bronco იქნება.

ავტომობილი აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც Bronco Raptor-ის საფუძველზეა შექმნილი. Raptor-ზე ეს აგრეგატი 420 ცხენის ძალასა და დაახლოებით 600 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს ავითარებს. Ford-ის თქმით, Filson-ისთვის ძრავა დამატებით გადამუშავდა, თუმცა კონკრეტული ტექნიკური დეტალები ჯერ არ გაუმხელიათ.
განსაკუთრებული ყურადღება სალონის კომფორტს დაეთმო. აკუსტიკური მინები და ახალი საიზოლაციო ელემენტები ქარის ხმაურს დაახლოებით 20%-ით ამცირებს ჩვეულებრივ Bronco-სთან შედარებით.

ინტერიერის დიზაინში Filson-ის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. მათ Ford-თან ერთად შექმნეს გამძლე, პრაქტიკული და მოგზაურობაზე ორიენტირებული გაფორმება. გარდა ამისა, მოდელისთვის სპეციალური ჩანთების კომპლექტიც შეიმუშავეს – ნაწილი კარის პანელებზე მაგრდება, ნაწილი კი საბარგულისთვისაა განკუთვნილი.
Ford Bronco Filson-ის შეკვეთების მიღება 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ავტომობილის სავარაუდო ფასი დაახლოებით 70 000 დოლარი იქნება, რაც ჩვეულებრივ Bronco Raptor-ზე მნიშვნელოვნად იაფია.