„სულ ვფიქრობდი, ამ სკანდალური ისტორიის მქონე ბიჭთან როგორ უნდა მეთანამშრომლა“ - ნინო ბაშარულისა და ერეკლე დეისაძის სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსში“

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი ნინო ბაშარული, რომელმაც ახალ პროექტზე ისაუბრა და ერეკლე დეისაძესთან ჩაწერილი დუეტი „დარაბა“ დააპრემიერა.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე სიმღერის პრეზენტაცია შედგა. პროექტს, „მრავალი ხმა ერთი სამშობლოს“ წარმოგიდგენთ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ და კრეატიული სააგენტო „ლივინგსტოუნი“. შედეგად, ჟანრობრივად განსხვავებული 6 მუსიკოსის სამი პროექტი შეიქმნა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: ნინო ბაშარული და ერეკლე დეისაძე, ნატო მეტონიძე და დათო ჯიქია და „თამადა“ და გიორგი უშიკიშვილი.

ნინო ბაშარული და ერეკლე დეისაძე, ორი განსხვავებული შემსრულებელი შეხვდა ერთმანეთს და შეიქმნა ძალიან მაგარი სიმღერა,  გვესაუბრე ახალ პროექტზე,

პირველ რიგში პროექტი იმით არის განსაკუთრებული, რომ ორი განსხვავებული ხედვის და ჟანრის ხელოვანი დააკავშირა. თითოეული დუეტი ძალიან საინტერესოა. ეს კონცეპტი ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ სხვანაირად გვწამს და სხვანაირად გვიყვარს ქვეყანა. ყველამ ძალიან ბუნებრივად და ლამაზად ჩამოაყალიბა ეს ხედვა. მიუხედავად განსხვავებულობისა, თურმე ჩვენ ერთნაირად  გვიყვარს სამშობლო. ეს ხალხმაც იგრძნო ამ სიმღერით და ამ ყველაფერს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი რაღაცები გვაკლია, არადა ასეთი პროექტები ბევრი უნდა იყოს საქართველოში.

მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, რომ ასეთი უნიკალური რამ მოიფიქრეს. ჩვენ გულშემატკივრები გავცვალეთ ერთგვარად. ჩემი მსმენელები უსმენენ ერეკლეს, ერეკლეს მსმენელები კი მე. სულ ვფიქრობდი, ამ სკანდალური ისტორიის მქონე ბიჭთან რანაირად უნდა მეთანამშრომლა.ზოგადად, მე მიზიდავს სკანდალური ადამიანები. მასთან ერთად ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. სადაც სკანდალია იქ არის ინტერესი. ვიცოდი, რომ ამ დუეტს კარგი გამოხმაურებას გამოიწვევდა.

რაც შეეხება „თამადასა“ და გიორგი უშიკიშვილის კოლაბორაციას, ისიც საოცრად საინტერესო გამოვიდა. ჩვენ ხელოვანებმა ყველაფერი პრიზმაში უნდა გადავატაროთ. ხელოვანს ევალება ისაუბროს თამამად იმაზე, რაც აწუხებს. ჩემი და ერეკლეს შეხვედრა ძალიან კარგად შედგა, ვეხუტებოდით ერთმანეთს და ენერგიებს ვცვლიდით. ძალიან მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ ჩემი მსმენელი აღფრთოვანებული დარჩენილიყო ერეკლეთი.

ახლა უშუალოდ სიმღერაზე გვესაუბრე,

არაჩვეულებრივი რეჩიტატივი ერეკლეს ეკუთვნის, მან გაამძაფრა ამ სიმღერის არსი და კონცეპტი. მებო ნუცუბიძესთან და ბეთხოსთან სტუდიაში ისეთი საოცარი ატმოსფერო იყო… სიმღერა სტუდია „ჰეიმაში“ ჩაიწერა. დღემდე ვამბობ, რომ ამ ოქროს ადამიანებთან ერთად, ერთ ამოსუნთქვაში ჩავწერეთ. ბოლოს რომ მოვუსმინე, საოცარი არანჟირება იყო გაკეთებული. მართლა არაფერზე მინერვიულია. ძნელია, რომ ასე მოკლე დროში სწრაფად მოხდეს ადამიანებს შორის ასეთი ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება და აი სწორედ ეს მოხდა „ჰეიმაში“.