LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამადას“ და გიორგი უშიკიშვილის სიმღერის „მოძმე“ პრემიერა, რომელიც პროექტის „მრავალი ხმა – ერთი სამშობლო“ ფარგლებში ჩაიწერა

22
თამადა

22 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მიშა ბენიძე და მომღერალი ლაშა ჩხაპელია იგივე „თამადა“ სტუმრობდნენ, რომელთაც პროექტზე „მრავალი ხმა – ერთი სამშობლო“ ისაუბრეს და სიმღერა „მოძმე“ წარმოადგინეს.

სიმღერა „მოძმე“

– მიშა, როგორ გაჩნდა პროექტის შექმნის იდეა?

– როგორც აღნიშნე, მე USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ვხელმძღვანელობ, რომელიც ერთის მხრივ, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, მეორეს მხრივ, ამ ბრძოლაში განსხვავებული სფეროს ადამიანების, მათ შორის ხელოვანთა ჩართვას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს კოალიციას „ინფორმაციის სანდოობისთვის“ და არასამთავრობო სექტორს, რომელმაც სერიოზულ თემებზე მუშაობის მიუხედავად, საზოგადოებასთან ცოტა განსხვავებული ფორმით მოინდომა ურთიერთობა და სწორედ მაშინ გაჩნდა ხელოვანებთან, მეტწილად მუსიკოსებთან თანამშრომლობისა და პროექტის „მრავალი ხმა – ერთი სამშობლო“ შექმნის იდეა, რომელიც სხვადასხვა ასაკის მუსიკოსთა გაერთიანებას ისახავს მიზნად, რადგან განსხვავებული ჟანრისა და სტილის მიუხედავად, სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის მართლა ქართულს და პატრიოტულს.

– ლაშა, რამდენად სწრაფად დათანხმდით პროექტში მონაწილეობა?

– სიმართლე ვთქვა, დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან საკუთარ მოვალეობად ჩავთვალე ამგვარ აქციაში მონაწილეობა.

– როგორც ვიცი, ერთი სიმღერა უკვე ჩაწერეთ პროექტის ფარგლებში?  

– სიმღერა „მოძმე“, რომლის ტექსტიც და მუსიკაც მე დავწერე, გიორგი უშიკიშვილთან ერთად ჩავწერე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგის, რადგან ხანმოკლე თანამშრომლობის მიუხედავად, მაინც ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან. იმედია, პუბლიკა მოიწონებს ჩვენს ნამუშევარს, რადგან მონდომებით ვიმუშავეთ და მართლაც მთელი გულით ჩავწერეთ.

– რისი თქმა გსურდათ ამ სიმღერით?

– ვფიქრობ, მთავარი ის დასავლური ფასეულობებია, რომლისკენ სწრაფვამაც უნდა გაგვაერთიანოს განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა.

– მიშა, კიდევ ვინ მონაწილეობს თქვენს პროექტში?

– ერთი სიმღერა ნინო ბაშარულმა და ერეკლე დეისაძემ ჩაწერეს, მოგვიანებით ნატო მეტონიძის და დათო ჯიქიას დუეტი შედგება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობისა და შეხედულებების მიუხედავად, ჩვენს პროექტში მონაწილე ყველა მუსიკოსს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული აერთიანებს. სხვათა შორის, სიმღერები და მათი შექმნის ისტორიების მოკლე ვიდეოები ჩვენი პროექტის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ გავრცელდება სხვადასხვა მედიასაშუალებით.

– ლაშა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– 2 დეკემბერს მცირე საღამოს მოწყობას ვგეგმავ, საახალწლოდ კი, კახეთში მივემგზავრები, სადაც რამდენიმე კონცერტს გავმართავ.

– სიმღერის მუშაობისას რა არის თქვენთვის მთავარი?

– მთავარი იმ იდეის ან გრძნობის გადმოცემა და მსმენელამდე მიტანაა, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ.

– რა მუსიკას უსმენდით ბავშვობაში?

– პრაქტიკულად ყველაფერს ვუსმენდი, თუმცა ბრიტანული და ამერიკული მუსიკა ყველაზე მეტად მომწონდა.

– რამდენად  განსხვავდება თქვენი სცენური იმიჯი რეალობისგან?

– სცენაზე ყოველთვის ალტერ ეგო გამოდის, რომელსაც „თამადა“ დავარქვი, რეალურ ცხოვრებაში კი, სხვანაირი ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები