LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი ადამიანი მოკლეს ჩემ თვალწინ, როდესაც თვალს ვხუჭავდი, მათ ვხედავდი“ – ნათია ტრაპაიძე ცხელ ზონაში გადამხდარი თავგადასავლების შესახებ

27
mtavari-natia-trapaidze

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის სტუმარია ჟურნალისტი, ნათია ტრაპაიძე, რომელმაც ჟურნალისტური კარიერის და ცხელ ზონაში რეპორტაჟების კეთების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

მუდამ ცხელ წერტილებში ხვდები ხოლმე, გაიხსენე შენი პირველი ცხელი წერილი,

პირველი იყო 2006 წელი, კოდორის მოვლენები, სწორედ მაშინ ვიდგამდი ფეხს ჟურნალისტიკაში. სწორედ მაშინ შევიგრძენი რეალური საფრთხე. 10 დღეს გავატარე კოდორში და შემდეგ  ეს უკვე ჩემთვის ძალიან ორგანული გახდა. 2008 წელს ოჯახის წევრებს ვუმალავდი და ვამბობდი, რომ თბილისში ვიყავი. შემდეგ კი დედა ტელევიზორში ნახულობდა სადაც ვიყავი ხოლმე. როდესაც ჟურნალისტად მრავალი წელი მუშაობ, შენ საფრთხეს ისე ვერ აღიქვამ, როგორც გარედან, სხვა ადამიანები.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ჟურნალისტიკაშია და არ სურს ასეთ სიტუაციებში იმუშაოს. როდესაც წინა ხაზზე ხარ, ძალიან ბევრ რამესთან გიწევს გამკლავება, უნდა იცოდე ემოციის მოთოკვა, რა თქმა უნდა არის რთული, თუმცა ყველაფერი მოდის გამოცდილებიდან. მხოლოდ გარისკვა არ არის რადგან, შენ არ ხარ მარტო. შენ გახლავს მინიმუმ ერთი ადამიანი, ოპერატორი. მე ვარ ცოტა გიჟი, მშვიდი იერით, შესაბამისად ჩემი ოპერატორიც არის გიჟი, როდესაც მე და ტატო მივდივართ ხოლმე სადმე, ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, ზოგჯერ ერთი შეხედვაც საკმარისია ხოლმე, რომ მივხვდე ყველაფერს. ადრენალინი მე პერიოდულად მჭირდება. ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. მე სწორედ ამ დროს მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა, მე მომწონს ქუჩა, მე არ ვარ ოთახის ჟურნალისტი. თუმცა ჟურნალისტურ ჟინს ბოლომდე არ უნდა მიჰყვე.

ალბათ არსებობს უამრავი მომენტი, რაც კადრს მიღმა რჩება, თუ დაგჭირვებია ფსიქოლოგი?

საბოლოოდ ასეთი რაღაცები ილექება გონებაში და რაღაც პერიოდულობით გახსენებს თავს. სხვათა შორის, ახლა, უკრაინიდან  მშვიდად ჩამოვედი, ვიდრე ოჯახს ეგონა, თუმცა 2014 წელს, უკრაინაში, როდესაც რევოლუცია იყო, ბოლო დღეების განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით კლავდნენ ადამიანებს მაიდანზე, დიდი ხნით ვიყავი მაშინ იქ, უამრავი ადამიანი მოკლეს ჩემ თვალწინ. რომ ჩამოვედი მივხვდი, რომ არ ვიყავი კარგად, მაშინ პირველად მივედი ექიმთან. როდესაც თვალს ვხუჭავდი, ჩემ თვალწინ ადამიანებს ვხედავდი. განსაკუთრებულად მახსენდება ქართველი, რომელიც მოკლეს, მანამდე ის მე მეუბნებოდა, რომ ჩემთვის არ იყო იქ ყოფნა უსაფრთხო, ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში მისი ცხედარი ვნახე.  არის რაღაც კადრები, რაც არასდროს ამოვა გონებიდან, მას ვერანაირი ექიმი ვერ უშველის.

როგორც ვიცი უკრაინაში შენ მაშინ ჩახვედი, სანამ ასეთი სერიოზული საომარი მოქმედებები დაიწყებოდა

მე იანვარშიც ვიყავი, თუმცა მაშინ საერთოდ არაფერი იგრძნობოდა, ვერც კი ვიფიქრებდით რომ შეიძლება მოვლენები ასე განვითარებულიყო. ვფიქრობდი, რომ საზოგადოებაში ცრუ პანიკა იყო. ბოლოს მაშინ ჩავედი, როდესაც ომის დაწყების სხვადასხვა თარიღს ასახელებდნენ. ერთ-ერთ იყო 16 თებერვალი. ზელენკსიმ ეს დღე უკრაინის ერთიანობის დღედ დაასახელა. ამ დღემაც მშვიდად ჩაიარა, წავედით საღამოს 17- ში დილით ვიყავით უკვე დონეცკის ოლქში. იქ გვითხრეს, რომ თავი შეგვეკავებინა, რადგან არ იყოს მშვიდი სიტუაცია. იმ დღეს მაინც მივედით ერთ-ერთ ბატალიონთან და გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. ეს სწორედ ის ბატალიონი იყო, რომელთანაც მე იანვარში ვიყავი, ამჯერად ისინი აღელვებულები იყვნენ,  ჩვენ დონეცკის ოლქში ქალაქ „ავდეეფკაში“ ავიღეთ ბინა, ეს რომ გაიგეს, გაოცდა ყველა, რადგან ეს ცხელი წერილი იყო. მე და „ფორმულას“, რატი მუჯირი ვიყავით. ღამით, ორ  წუთში ერთხელ აფეთქებები იყო, მაშინ მივხვდით, რომ უკვე ომის წინა პერიოდი იყო, ამის შემდეგ იმ ქალაქიდან წამოვედით.

როგორც ვიცი, ბუნკერში ყოფნაც მოგიწიათ,

„ავდეევკადან“„ სლავიანსკში“ წამოვედით, ეს არის ქალაქი, სადაც 2014 წელს დაიწყო ომი, ჩვენ გვეგონა, რომ საომარ მოქმედებებს გამოვერიდე, არადა მაინც სახიფათო ზონაში მოვხვდით, მოგვდიოდა მესიჯები საქართველოდან, შეშფოთებული გვკითხულობდნენ, როგორ ხართო, ჩვენთვის კი ეს ყველაფერი გაუგებარი იყო, თუმცა გამთენიისას გაისმა აფეთქების ხმა და პრეზიდენტმაც დაადასტურა ეს. ჩვენ გვინდოდა მაინც დავრჩენილიყავით ამ ქალაქში, თუმცა გვირჩიეს დაგვეტოვებინა ტერიტორია, ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თავგადასავალი, გავიარეთ ძალიან გრძელი გზა კიევამდე, მატარებლებიც არ იყვნენ, დავითვალეთ და 72 საათი არაფერი გვქონდა ნაჭამი. კიევში რომ შემოვედით, სასტუმროში პროტოკოლი გაგვაცნეს, მინუს 1 სართულზე თავშესაფარი იყო გაკეთებული და დღენახევარი ამ ადგილას ვიყავით. შემდეგ უკვე გვითხრეს რომ დაგვეტოვებინა უკრაინა.

როგორი იყო უკრაინიდან დანახული საქართველო?

მინდა გითხრათ, რომ როგორი რთულიც იყო 2008 წელს საქართველოში ომის გაშუქება, დაახლოებით ასეთი რთული იყო იქაც, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები და გრძნობები გვაქვს. ეს ომი 2008 წელს მომხდარ ომზე ბევრად უფრო მასშტაბურია, გარდა იმისა, რომ რუსეთს მიწა უნდა, ის მას სჯის, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, იმიტომ რომ მათ გამოაჩინეს საკუთარი ქვეყნის დიდი სიყვარული, სიმამაცე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უკრაინელებს სამშობლო სხვანაირად უყვართ, მათ სამშობლოს თითოეული მეტრისთვის შეუძლიათ თავდადებული ბრძოლა, ასეთი მებრძოლი ადამიანები  გაიმარჯვებენ. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, მათ შეუძლიათ შიშველი ხელებით დაუდგნენ ტანკს და გააბრუნონ უკან.

და ბოლოს, იქნებ რაიმე კურიოზი გაიხსენო, რაც შენ და შენს ოპერატორს გადაგხდენიათ,

ფრონტის ხაზზე ჩემ ოპერატორ ტატო გურგენიძეს ჰქონდა ოთახის ჩუსტები წამოღებული. ადამიანებს, რომლებსაც ერთი კვირა ტანსაცმელი არ ჰქონდა გახდილი, მას ჰქონდა ოთახის ჩუსტები და სუნამო. ვერ გავარკვიეთ სუნამო რისთვის ჰქონდა წამოღებული და რომ ვკითხეთ, გვითხრა იმიტომ წამოვიღე, რომ თქვენ კომფორტულად ყოფილიყავითო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები