LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელიწადი და 2 „ლოკდაუნი“: როგორ გადავარჩენთ საქართველოს ეკონომიკას

177
FORTUNA.GE (11)

ზაფხულში შიდა ტურიზმისა და შემოდგომაზე არჩევნების წყალობით საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან გართულდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა პიკში ვართ და იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გადავარჩინოთ, აუცილებელია შეზღუდვები.

მთავრობამ გადაწყვიტა, ორთვიანი შეზღუდვა დააწესოს ქვეყანაში და შედეგებს დაელოდოს.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

გაუძლებს კი საქართველოს ეკონომიკა ერთ წელიწადში ორ „ლოკდაუნს“? რა გველოდება 2 თვის შემდეგ? ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორს, გიორგი აბაშიშვილს მიმართა.

 

ორთვიანი „ლოკდაუნი“ გველოდება, როგორ გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა?

პირველ რიგში დავაზუსტებდი, რომ ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ანუ ეს არაა ქვეყნის სრული დახურვა.

ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ბიზნესი ჩერდება…

რა თქმა უნდა, ბევრი ბიზნესი დაიხურა. რთულია ისაუბრო თითოეული იმ ადამიანის მდგომარეობაზე, რომელმაც შეიძლება ბიზნესი დაკარგოს, მაგრამ ჰარვარდის ძალიან სერიოზულ კვლევას ვკითხულობდი და აღმოჩნდა, რომ ბევრი ბიზნესი გაცილებით მზად აღმოჩნდა მეორე წერტილოვანი შეზღუდვებისთვის, ვიდრე ეს იყო მარტის ბოლოს და აპრილში, როდესაც ბევრ ქვეყანაში ე.წ. სრული ლოკდაუნი გამოცხადდა.

რვა დიდ ქალაქში სავაჭრო ობიექტები ონლაინ მუშაობაზე გადადიან

მსგავსი ტიპის შეზღუდვები შესაძლოა იანვარშიც გაგრძელდეს.

გასაგები ენით რომ ავხსნათ, როგორ შეიძლება მოემზადო თუ უბრალოდ მაღაზია უნდა დაიკეტოს და ვერ ივაჭრებ, ან როგორ შეიძლება ბიზნესი გადაარჩინოს მეყვავილემ, თუ ყვავილს ვერ გაყიდის ქუჩაში?

ბიზნესი ონლაინპლატფორმებზე უნდა გადაერთოს, იქ, სადაც შესაძლებელია. სხვათა შორის პირველ დახურვაზეც სულ ვამბობდი, რომ შეიძლებოდა რაღაც ბიზნესები არ დახურულიყო და ონლაინპლატფორმებზე გადასულიყვნენ. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ვერ გადაეწყობა, პირობითად მეყვავილეები, ამ შემთხვევაში ადეკვატური და სწორი სოციალური პაკეტი უნდა შესთავაზოს მთავრობამ. თუმცა პაკეტი ნიშნავს არა იმას, რომ ყველას დაეხმარონ. დახმარება უნდა გადანაწილდეს იმ სექტორზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ფაქტობრივად ვერ ახერხებენ საკუთარ საქმიანობას.

წინასაახალწლოდ შეზღუდვები იხსნება და შემდგომ იანვარ თებერვალში ფაქტობრივად ყველაფერი კვდება. თქვენი აზრით,  ახალი წლის მერე, ან თებერვალში რა გვეშველება?

ვერ ვიტყვით. რომ ყველაფერი კვდება გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის შედეგებს უნდა დაველოდოთ. იმდენად ტრაგიკულ პროცესებთან გვაქვს საქმე, რომ ძალიან ძნელია ისაუბრო რა იქნება რამდენიმე თვის შემდეგ. რეალურად ეკონომიკა არის პანდემიის პროცესში ჩართული. ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება. როგორ კვალიფიციურ ეკონომიკურ პროგნოზსაც არ უნდა გაეცნოთ, ზუსტ კომენტარს ვერავინ იძლევა. ეკონომიკის მხრივ მეშინია იმ კონტექსტში, რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი, როგორიც ბევრ ქვეყანას.

ფაქტია, არ ვართ მდიდარი ქვეყანა.

შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სოციალური პაკეტი ვერ იქნება დიდი. არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ თავს მივანიჭოთ დიდი ფუფუნება. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღარიბები ვართ ჯანდაცვის რესურსში. ამ ორ შორის ე,წ. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. მგონია რომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს.

ანუ თქვენი აზრით, ამ პერიოდში ბიზნესი შეიძლება გაძლიერდეს კიდეც, თუ ონლაინგაყიდვების პლატფორმას აქტიურად გამოვიყენებთ?

მაქსიმალურად ონლაინპლატფორმაზე გადასვლა შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი. ახლა ვხედავ სულ უფროდაუფრო მეტ ბიზნესს, რომელიც ონლაინპლატფორმებზე გადაერთო. სიმართლე გითხრათ, პირადად მე თუკი რაიმე მცირედი მჭირდება, ჩემი ოჯახისთვის, ვცდილობ, ონლაინპლატფომით განვახორციელო. არამხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურ კონტაქტს ვერიდები. თუმცა არც ესაა რეალობას მოკლებული, არამედ მინდა, რომ წავახალისო. მოქალაქეთა თვითშეგნება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭროთ მხარი ბიზნეზს, რომელიც დღეს ფიზიკურად დაიხურა, თუმცა ონლაინპლატფორმები აქვს. ეს შეეხება კვების ობიექტებს. გასაგებია, ფიტნესცენტრებისთვის რთულია მხარდაჭერის გამოხატვა, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ამას უნდა შევეცადოთ. „ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“ თემა არის, რადგან ჩვეულებრივ ბრძოლაში ვართ ჩართული. ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ, ოღონდ გამარჯვებულები გამოვალთ, თუ მხარდაჭერა იქნება.

ფიტნესთან დაკავშირებთ საზღვარგარეთ იპოვეს გამოსავალი. ევროპაში ძალიან პოპულარულია ონლაინვარჯიშები.

ესეც შეიძლება, მაგრამ პირადად მე ზარმაცი ვარ და ონლაინ ვერ ვვარჯიშობ. ვფიქრობ, ჩემნაირი ბევრი იქნება.

ანუ ფიქრობთ, წელიწადში ორი „ე.წ. ლოკდაუნი“ განაჩენი არაა და რომ საქართველოს ეკონომიკას გადარჩენა შესაძლებელია?

ნამდვილად შესაძლებელია და ამას ვამბობ სხვადასხვა დასკვნის საფუძველზე. ჩვენ ბიზნესკვლევა ჩავატარეთ გაეროს ეკონომიკური და სოციალურ საკითხების დეპარტამენტთან ერთად და იქ არის აღნიშნული, რომ საქართველოს მინუს 5, 8 ეკონომიკური კლება აქვს. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი კლება არ იქნება. აღდგენის პროცესის ზემოთ წასვლა შესაძლებელია ეკონომიკის გახსნისთანავე. მთავარია ეპიდსიტუაციის ლოკალიზება. თუ ჩვენ დავაკვირდებით მაჩვენებლებს, როგორც კი ქვეყანა შიდა დონეზე მაინც გაიხსნა, ძალიან გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა. სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ეს ზრდა ზაფხულში საქართველოს ეკონომიკას ავტომატურად შეეტყო. თუმცა ამან გამოიწვია ეპიდსიტუაციის აფეთქება. როგორც კი ეკონომიკურად მოგება გაიზარდა, მას ფეხდაფეხ მიჰყვა პანდემია. ახლა შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილება უკვე გვაქვს. მგონია, რომ ეკონომიკა მალე დაიბრუნებს ძველ ნიშნულს, როგორც კი ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება. მთავარია, ის წერტილი ვიპოვოთ, სადაც პანდემიას ვაჩერებთ და საიდანაც ვიწყებთ ეკონომიკურ ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g