მსოფლიოში 2,69 მილიარდ ადამიანს ჯანსაღი და სრულფასოვანი კვების საშუალება არ აქვს – ასეთი დასკვნა გამოქვეყნდა გაეროს ახალ ანგარიშში, რომელიც საკვების უსაფრთხოებასა და კვების ხარისხს აფასებს.
გაეროს ხუთი სააგენტოს, მათ შორის FAO-ს, WHO-ს, UNICEF-ის, WFP-ისა და IFAD-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, ჯანსაღი რაციონის ღირებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს ერთი ადამიანის ჯანსაღი კვების მინიმალური ფასი საშუალოდ დღეში 4,28 დოლარს შეადგენდა, რაც ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავალს აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი მცირდება და 2025 წელს გლობალური მოსახლეობის 7,8% განიცდიდა შიმშილს, ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა აფრიკაშია – იქ მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ვერ ახერხებს ისეთი საკვების შეძენას, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. მიზეზებად სახელდება დაბალი შემოსავლები, სუსტი ინფრასტრუქტურა, საკვების მაღალი ფასები და მიწოდების ჯაჭვების პრობლემები.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრობლემა მხოლოდ საკვების რაოდენობაში არ არის – ბევრი ქვეყანა კვლავ უფრო მეტად კონცენტრირდება იაფ, მაღალკალორიულ პროდუქტზე, მაშინ როცა ხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო საკვები ბევრისთვის მიუწვდომელი ხდება. ეს ზრდის როგორც არასრულფასოვანი კვების, ისე სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების რისკს.
