LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის ბიუჯეტის განხილვა და ოპოზიციის შეფასებები

128
ბიუჯეტი

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშო 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას ოპოზიციის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ბიუჯეტის ზრდა ხალხის კეთილდღეობის მიზნით ხდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია. ოპოზიციის შეფასებით კი  ხელფასებისა და პენსიის ზრდის დაანონსება წინასაარჩევნო მოსყიდვას ემსახურება.

“ეს არის ერთის მხრივ საქართველოს მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, ხოლო მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია ეკონიმიკური ზრდის პარამეტრები. წლევანდელი წლის ბიუჯეტიდან თითქმის 800 მილიონი არის მობილიზებული იმისათვის, რომ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ზრდა ხელფასებში, პენსიებზე, სხვადასხვა კატეგორიის  საქართველოს მოქალაქეებისათვის,” –  აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

2020 წლის ბიუჯეტის ვარიანტს უარყოფით მხარეებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიის დეპუტატები. მათი განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა შიდა და გარე ვალების ხარჯზე ხდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო ცუდად აისახება.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის გამო, წელს ნაზარდი პენსიაც კი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო.

“ფაქტობრივად ხალხის ფულით დაიწყო წინასაარჩევნო მოსყიდვები. აგერ 2019 წლის ბიუჯეტი იზრდება 230 მილიონი ლარით და თუ მართლა შესტკივათ გული პენსიონერებზე და მასწავლებლებზე, რატომ არ გაუზარდეს წელს. აი ახლა მოუმატეს და ეს იზრდება შიდა ვალის ხარჯზე. ზრდაც უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის გამო უკვე ის ნაზარდი პენსიაც კი იქნება იმაზე ნაკლები, რაც იყო შარშან,” – განაცხადა რომან გოცირიძემ

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო და შიდა ვალები საკმაოდ იზრდება. გიგი წერეთლის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასება  არ იქნება.

“ხელისუფლება ეცდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაც შეიძლება მეტი ისეთი ხარჯი გაწიოს, რომელიც გარკვეულ სიკეთეს მოუტანს ხმების თვალსაზრისით. საკმაოდ იზრდება ჩვენი ვალები, როგორც საგარეო, ასევე საშინაო და გარკვეული ხარჯებიც. შედეგი იმისა, რომ ჩვენი ლარი ასე ეცემა და მოსახლეობას ასე მძიმედ ურტყამს ეს ყველაფერი – ეს არის ფაქტი და შესაბამისად, ჩემი აზრით, დიდი კმაყოფილება ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით ნამდვილად არ არის,” – განმარტავს  გიგი წერეთელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები