LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის ონისე წულაია – პირველი ქართველი, რომელმაც ,,ნიუ-იორკის უნივერსიტეტის” სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა

5057
ონისე წულაია

Fortuna.ge გაგაცნობთ 25 წლის ონისე წულაიას. ის პირველი ქართველია, რომელმაც ,,ნიუ-იორკის უნივერსიტეტის” სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა.

ონისე წულაია: როდესაც დავიბადე, მშობლები სანქტ-პეტერბურგში მუშაობდნენ. 1996 წლის 20 ივნისს პეტერბურგში ,,თეთრი ღამის” დროს გავჩნდი. დაახლოებით 3 წლის ვიქნებოდი, როდესაც საცხოვრებლად თბილისში დავბრუნდით. თბილისში გავიზარდე. ქალაქ თბილისის დამოუკიდებელი ბიზნეს-სკოლა ,,ოქროს მედალზე” დავასრულე და ,,ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” სამართლის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩავირიცხე. 2018 წელს უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით წითელ დიპლომზე დავასრულე და  აქტიურ სამართლებრივ პრაქტიკაში გადავინაცვლე.

ოჯახზე მომიყევი, როგორ გარემოში გაიზარდე?

ბანალური ვიქნები და გეტყვით, რომ განსაკუთრებულად კარგი ოჯახი მყავს – ერთი წლით უფროსი ძმა და არაჩვეულებრივი მშობლები. მამაჩემს საზღვარგარეთ  სამუშაოდ წასვლა ხშირად უწევდა. ამიტომ, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდაში უდიდესი წვლილი დედას მიუძღვის. მან უარი თქვა კარიერაზე და მთელი ყურადღება ჩვენს განვითარებას დაუთმო. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი რთული იქნებოდა თბილისში ორი თინეიჯერი ბიჭის აღზრდა და სწორ გზაზე დაყენება. ვფიქრობ, ოჯახის როლი ჩემი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში განუზომელია. ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობ, სწორედ ჩემი მშობლებისგან ვისწავლე. ესენია მადლიერება, შრომისმოყვარეობა და ტოლერანტობა.

როგორი ბავშვი იყავი?

მშვიდი, ლაღი და მხიარული ბავშვობა მქონდა. როგორც ჩემი ოჯახი, ასევე ჩემი სკოლა განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს მიქმნიდა. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ამიტომ ზრდასრულების კეთილგანწყობას მარტივად ვიღებდი. ამის პარალელურად კი, ყველა ბავშვური პროვოკაციის, ცელქობის სათავეში ვიდექი. მახსოვს, ჩემი კლასის პირველი ,,შატალოს” ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი. თუმცა, რატომღაც ეჭვი ჩემზე არავის გასჩენია (იცინის). მე-5 კლასში მივხვდი, რომ კარგად სწავლა ბევრ რამეში დამეხმარებოდა. სწავლის პარალელურად, 4 წელი ვცეკვავდი სასკოლო ანსამბლში. რაც შეეხება სპორტს, ჭადრაკში საკმაოდ წარმატებული ვიყავი.

როგორია გზა, რომელიც დღემდე გამოიარე?

18 წლის ასაკში, ვარდისფერი სათვალეების მოხსნა მომიწია. ცხოვრების რეალურ ფერებს სრულწლოვანების მიღწევისთანავე შევეჯახე, როცა მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ოჯახის რჩენაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. ამან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ერთიანად „ნაადრევად“ გავიზარდე.

რა იყო შეცდომა, რასაც დღეს აღარ გაიმეორებ?

ყველა ჩემი შეცდომა მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად ბავშვური ცელქობა იყო და მეტი არაფერი. ერთი რამ ზუსტად ვიცი, აღარასდროს ვცდი კარატეში ბედს. ნამდვილად დიდი შეცდომა იყო.

გჯერა, რომ ოცნებები ხდება?

ოცნებებში ძალიან რაციონალური ვარ, ხშირად მიზანთან ვაიგივებ. თუ რამე მსურს და მიზნად დავისახავ, მის მისაღწევად მონდომებას არ დავიშურებ, რაოდენ შორსაც არ უნდა იყოს ეს მიზანი ჩემგან. ნიუ-იორკის უნივერსიტეტზე ზუსტად 4 წელი ვიოცნებე და არ მოვისვენე სანამ რეალობად არ გადაიქცა.

რა იყო დიდი სირთულე, რამაც მოტივაცია შეგმატა?

ჩემთვის სწავლის პარალელურად მუშაობა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. პერფექციონისტის ბუნება მაიძულებდა, ორივე მიმართულებით მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა და გამოცდების ფორმატი ძალიან სტრესულია. პარალელურად სამსახურში ღამეების თენება ძალიან ძნელი იყო. თუმცა, დაძაბულმა გრაფიკმა მოთმინება და შრომის ფასი მასწავლა.

საკმაოდ საინტერესო პროფესია გაქვს, როდის მიხვდი, რომ იურისტობა გინდოდა?

ჯერ კიდევ მე-11 კლასში ვიცოდი, რომ იურისტობა მსურდა. აბიტურიენტობის დროს ერთიანი ეროვნული გამოცდების სპეციალურ პორტალზე მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მეწერა და სხვა არაფერი. სიაში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ერთი ფაკულტეტის ჩაწერა ძალიან დიდი რისკი იყო, თუმცა ალტერნატიულ რეალობას არ განვიხილავდი. არაფერი შეცვლილა. ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები.. საკმაოდ დიდი მიღწევები გაქვს..

სადაც კი განაცხადი გავგზავნე სამართლის მაგისტრატურაზე, ყველა უნივერსიტეტმა მიმიღო. კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან ერთად, სრული დაფინანსებით გერმანიის ყველაზე პრესტიჟულ სამართლის სკოლა ,,ბუცერიუსში’’ მოვხვდი.

ასევე, სრული დაფინანსება ნიუ-იორკის უნივერსიტეტისგან.. პირველი ქართველი სტუდენტი ჰაუზერის გრანტით.. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

ვრცელი გზა იყო. თუმცა, რამდენიმე დეტალს გამოვყოფდი. ჯერ კიდევ 2017 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტს ამერიკაში გაცვლითი პროგრამით ყოფნის დროს ვესტუმრე. გაზაფხულის არდადეგები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავატარე და გადავწყვიტე რომ უკან დავბრუნდებოდი, როგორც მაგისტრის კანდიდატი. უამრავი პატარა მიზანი დავისახე, რაც საბოლოოდ დიდი მიზნის მისაღწევად დამჭირდებოდა. ეს მიზნებია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელი დიპლომი და უმაღლესი GPA, აკადემიური ნაშრომები და პუბლიკაციები, კონფერენციები, ინგლისური ენის სრულყოფა, ჩემი სპეციალობით სამუშაო გამოცდილება და ,,ნეთვორკინგი”.

კონკრეტულად რას შეისწავლი, რატომ შეარჩიე ეს მიმართულება?

საქართველოში სამეწარმეო სამართალი საკმაოდ ახალგაზრდაა. მრავალი მიმართულება, მათ შორის, საკორპორაციო სამართალი განვითარების საწყის ეტაპზეა. ამ დარგმა ქვეყანაში აქტუალურობა შეიძინა და ზოგადად რეგიონში ინვესტიციების ზრდის პარალელურად ბაზარზე კორპორაციული მართვის (ე.წ Corporate Governance) სპეციალისტებზე მოთხოვნილება გაჩნდა. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნას ქართული შრომითი პლატფორმა მოუმზადებელი შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებული არცერთი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა არ არის აგებული და ორიენტირებული კორპორაციული მართვის შესწავლაზე. მეტიც, ქართული იურიდიული ლიტერატურა კორპორაციული მართვის დარგში უკიდურესად მწირია. დაინტერესებული იურისტები კი ამ ცოდნის მიღებას საზღვარგარეთ ცდილობენ.

როგორც SBC Legal – ის უფროსი იურისტი, აქტიურად ვარ ჩართული ბიზნეს სამართლის სფეროში და კორპორაციული მართვის შესწავლის აუცილებლობა აქტიურმა პრაქტიკამ დამანახა. სწორედ ამიტომ შევარჩიე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საკორპორაციო სამართლის მასტერი, რომელიც მთლიანად საკორპორაციო მართვის შესწავლას ემსახურება და უკონკურენტოა ამ დარგში. მიუხედავად იმისა, რომ NYU – ს გარდა, კოლუმბიის სამართლის სკოლამ, ასევე ჰამბურგის ,,ბუცერიუსის” სამართლის სკოლამ სრული დაფინანსებით მიმიღო, არჩევანი ,,ნიუ-იორკის უნივერსიტეტისზე” შევაჩერე. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მხოლოდ 50 წარმატებულ იურისტს იღებს. მათ შორის აღვმოჩნდი მე, სრული დაფინანსებით, რომელიც  $105 000 შეადგენს.

მიუხედავად ასაკისა სამუშაო გამოცდილებაც კარგი გაქვს, როგორ მოხვდი ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანიაში?

2018 წლის 20 ივნისიდან ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია SBC Legal-ში ვმუშაობ. საინტერესოდ დაემთხვა, რომ დირექტორმა სამსახურში ჩემსავე დაბადების დღეზე ამიყვანა. ყოველგვარი რეკომენდაციებისა და სხვისი დახმარების გარეშე უმცროსი იურისტის პოზიციიდან დავიწყე და დღეს უკვე უფროსი იურისტის პოზიციაზე ვარ.თუმცა, პირველ პროფესიულ სამსახურამდე უამრავ ადგილას ვიმუშავე, მიმტანად, გიდად, მთარგმნელად და არასდროს დამიკარგავს თვითრწმენა. ამიტომ, არასდროს დანებდეთ და იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის.

საბოლოოდ სად მიდის შენი მიზნები?

მეტწილად კარიერისტის იმიჯი მაქვს. ყოველ შემთხვევაში სრულიად უცხო ადამიანებისთვის ჩემი პროფილი ასე აღიქმება. ამ მცდარი წარმოდგენის შექმნაში ალბათ წვლილი  მეც მიმიძღვის. ამოუწურავი მიზნები მაქვს: ვიყო კარგი და მადლიერი შვილი, ვიყო კარგი მეუღლე და კარგი მამა, ვიყო მეგობრებისთვის საყრდენი წერტილი, ჩემი საქმის პროფესიონალი და ასე შემდეგ.

შენი აზრით, რა არის წარმატება?

არაჩვეულებრივი კითხვაა. წარმატება თვითრეალიზაციაა. ეს აბსოლუტურად სუბიექტური შინაგანი ემოციაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. რამდენ მიზანსაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, წარმატება შიგნიდან იზომება, გონებიდან.

როგორ გავხდეთ წარმატებული, რა რჩევებს გაგვიზიარებთ?

აიღეთ პასუხისმგებლობები. გამოდით კომფორტის ზონიდან, იყავით მადლიერნი, შრომისმოყვარენი, ტოლერანტულები და პატივი ეცით გარეშემო მყოფ პირებს.

რომ არა ის წარმატებული ბიჭი, ვინც დღეს ხართ, ვინ იქნებოდი და რას გააკეთებდი?

არაფერია მუდმივი და გარანტირებული, სადაც არ უნდა აღმოვჩნდე, ვისურვებდი პრინციპები და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება შემენარჩუნებინა. ამის ნათელი მაგალითია 2020 წელს დაწყებული პანდემია, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზეც დიდი გავლენა იქონია. წინა წელს ლონდონის King’s College-ში, ედინბურგისა და დანდის უნივერსიტეტებში დაფინანსებით ჩავაბარე. კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი. მახსოვს, როცა ცხადი გახდა, ეს მიღწევები წარსულ მოგონებად იქცეოდა, დავჯექი ბუხრის წინ და მთელი საღამო საკუთარ თავთან დიალოგს დავუთმე. დილით უკვე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ წინ უკეთესი მომავალი მელოდა. დიახ, ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები