LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის ასაკის წყევლა – მუსიკის ლეგენდები, რომლებიც 27 წლის ასაკში  გარდაიცვალნენ

550
FORTUNA. GE

მათ ხშირად ,,27-ანთა კლუბის” წევრებს უწოდებენ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია- 27 წლის ასაკი მუსიკის ბევრი ვარსკვლავისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ ტრაგიკული დამთხვევა. ფაქტია, რომ ,,27-ანთა კლუბის” The 27 Club წევრმა გენიალურმა მუსიკოსებმა არც ისე ხანგრძლივ სიცოცხლეში უდიდესი მემკვიდრეობის დატოვება შეძლეს. თუმცა ეს მაინც ვერაფერს შველის იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ყველა მათგანი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

რობერტ ჯონსონი (1911-1938)

ერთ საუკუნეზე უფრო დიდი ხნის წინ მისისიპიში დაბადებული ბლუზის მომღერალი და გიტარისტი რობერტ ჯონსონი სიცოცხლეში იმდენად პოპულარული არ ყოფილა, რამდენადაც გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მისი მუსიკა თავიდან აღმოაჩინეს და იგი არაერთი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსის შთაგონების წყაროდ იქცა.
არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც ჯონსონმა ეშმაკს სული მიჰყიდა ტალანტის სანაცვლოდ, რომლითაც მსმენელს აჯადოვებდა. მუსიკოსი,რომლეიც ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მექალთანე ხასიათმა დაღუპა. 1938 წელს იგი თავისი ერთ-ერთი ქალბატონის ქმარმა მოწამლა.

ბრაიან ჯონსი (1942- 1969)

,,როლინგ სტოუნზის” ერთ-ერთი თანადამფუძნებელს მუდმივად პრობლემები ჰქონდა წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ამის გამო ჯონსი ციხეშიც იჯდა, 1969 წელს კი ჯგუფის დატოვება მოუწია. ერთი თვის შემდეგ ,,როლინგ სტოუნზის” დატოვებიდან ჯონსი საკუთარი აუზის ფსკერზე აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარება დაასახელა. ოდნავ მოგვიანებით აღმოჩენილმა მტკიცებულებებმა უჩვენა, რომ მუსიკოსი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა, მისი გარდაცვალების გარემოებების ზუსტად დადგენა ვერ მოხერხდა.

ალენ უილსონი (1943 – 1970)

ბლუზის ვარსკვლავს და ბენდ Canned Heat-ის წევრ უილსონს ცუდი მხედველობის გამო მეტსახელად ,,ბრმა ბუს” ეძახდნენ. უილსონი, რომელიც მენტალური აშლილობით იტანჯებოდა და თვითმკვლელობაც არაერთხელ სცადა, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მოხმარებით 1970 წელს გარდაიცვალა. იგი გახდა პირველი 27 წლის მუსიკოსი, რომელიც 1970 წელს გარდაიცვალა.

ჯიმი ჰენდრიქსი (1943-1970)

მსოფლიო მუსიკის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გიტარისტმა ჯიმი ჰენდრიქსმა გადატრიალება მოახდინა როკ’ნ როლის სამყაროში როგორც მუსიკოსმა და როგორც პროდუსერმა. ჰენდრიქსი 1970 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. მუსიკოსს ალკოჰოლური მოწამვლის გამო ღებინება დაეწყო, თუმცა გათიშული იყო, გაღვიძება ვერ შეძლო და დაიხრჩო. როგორც მოგვიანებით პოლიციას მისმა გერლფრენდმა განუცხადა, ჰენდრიქსმა დაძინებამდე ნახევარი კოლოფი საძილე წამლები დალია და ზედ წითელი ღვინო დააყოლა.

ჯენის ჯოპლინი (1943-1970)

ჯენის ჯიპლინი, რომელსაც ფანები ბლუზ-როკის დედოფალს უწოდებდნენ, 1970 წელს 27 წლის ასაკში გარდაცვლილი მესამე მუსიკოსი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობდა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლას, ჯენისი ჰეროინსა და ალკოჰოლს ვერ ეშვებოდა. იგი 1970 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალებიდან 17 დღეში.

ჯიმ მორისონი (1943-1971)

პოეტი, მუსიკოსი და ფილოსოფოსი, The Doors-ის ფრონტმენი ჯიმ მორისონი 27-იანთა კლუბის საპატიო წევრი 1971 წლის 3 ივლისს გახდა. მორისონმა, რომელმაც მეგობრებთან ერთად ,,დორსი” 1965 წელს დააარსა, ალკოჰოლის რეგულარულად მიღება მალევე დაიწყო. 1969 წელს მას სერიოზული ალკოჰოლდამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. 27 წლის მუსიკოსი პარიზში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მოგვიანებით გულის შეტევის მიზეზად ექსპერტიზამ ჰეროინის ოვერდოზი მიიჩნია. სავარაუდოდ, მომღერალს ჰეროინი კოკაინში აერია და უზარმაზარი დოზა მიიღო.

რონ მაკკერნანი (1945-1973)

ბენდ Grateful Dead-ის თანადამფუძნებელი მაკკერნანი, რომელსაც ფანები ,,პიგპენის” სახელით იცნობდნენ, თავისი ბენდის წევრების ნარკოტიკებისადმი ლტოლვას არ იზიარებდა, თუმცა მას პრობლემები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ჰქონდა. 1970 წელს მას ციროზი დაუდგინდა, 1972 წლიდან კი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო ბენდთან ერთად ტურებზე გამგზავრებას ვერ ახერხებდა. მაკკერნანი 1973 წელს ინსულტით გარდაიცვალა.

კურტ კობეინი (1967-1994)

ერთი შეხედვით ,,ნირვანას” დამფუძნებელ კურტ კობეინს ყველაფერი ჰქონდა, რაზეც კი შეიძლება იოცნებო: წარმატება, ნიჭი, გარეგნობა, სიმდიდრე, პოპულარობა… იგი მსფოლიოს უყვარდა. 90-ანების დასაწყისში ,,ნირვანა” პოპულარობის ზენიტში იყო, თუმცა კურტს ჯანმრთელობის და მენტალური პრობლემები აწუხებდა. მუსიკოსი უშედეგოდ ებრძოდა ჰეროინ-ადიქციას. კურტ კობეინმა 1994 წლის აპრილში თავი მოიკლა. მას მეუღლე, მუსიკოსი კორტნი ლავი და პატარა ქალიშვილი დარჩა.

ემი ვაინჰაუსი (1983-2011)

27-ანთა კლუბის ჯერჯერობით ბოლო წევრი ემი ვაინჰაუსია. ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ხმის უნიკალური ტემბრის და ინდივიდუალიზმის წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ხანმოკლე კარიერაში ვაინჰაუსმა არაერთი ჯილდო მოიგო, თუმცა გამუდმებით ებრძოდა ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. ვაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს ლონდონში მდებარე საკუთარ აპარტამენტში გარდაცვლილი იპოვეს.

პოპულალურები