LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლიდან-წლამდე 4-6 ათასით იზრდება ქუჩაში დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა – “ცხოვრება” უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე

481
უსახლკარობა

როგორ ცხოვრობენ საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები და რა მექანიზმები არსებობს მათი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის? – ეს საკითხი საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად და დიდ გამოწვევად რჩება.

გარკვეული მცდელობების მიუხედავად, სათანადო საცხოვრისის არქონა კვლავ აქტუალური საკითხია, თუმცა სიმწვავის მიუხედავად, უსახლკარო პირთა საჭიროებების, სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლა არ ხდება.

დღეს ზუსტად არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში. არ არსებობს არც ერთიანი ბაზა და არც უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია – ამაზე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა ანანო ცინცაბაძემ ისაუბრა.

იგი განმარტავს, რომ საქართველოში უსახლკარობა ძალიან მძიმე და მწვავე პრობლემაა, ვინაიდან წლიდან წლამდე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე პროგრესი პოლიტიკის ან სამოქმედო სტრატეგის ან დოკუმენტის შექმნის, არ ჩანს.

ამასთან, ამბობს, რომ „როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა საცხოვრისით უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი უფლება და საქართველო გამოცხადდა სოციალურ სახელმწიფოდ, გარკვეული სხივი გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე დარჩა“.

ანანო ცინცაბაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ღია საქართველოს საზოგადოების“ მონდომებითა და მცდელობით, ერთ-ერთ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აისახა ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნებოდა ჯგუფი, რომელიც სტრატეგიის დოკუმენტს შექმნიდა, თუმცა დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ ჯგუფმა სულ რაღაც ორი წელი იარსება და რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა მათ ვერ შეძლეს“.

შესაბამისად, პროცესი ამჟამად, გაჩერებულია. ამ ფონზე ისმის ლეგიტიმური კითხვა – რა პრობლემას ქმნის სტრატეგია დოკუმენტის არარსებობა.

 

რას გვიჩვენებს კვლევები

 

“პირველი რიგში, სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, არ იცის, რამდენი ადამიანი ჰყავს უსახლკარო, რა ჯგუფებია და რა მიზეზებით. ჩვენ კვლევები გვაქვს ჩატარებული და ნათლად ვხედავთ, რომ უსახლკარობა უამრავ სხვა სოციალურ პრობლემას უკავშირდება ჭარბვალიანობას, ჯანდაცვის სერვისების არარსებობას, სიღარიბეს, უმუშევრობას.

კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები ბინას ყიდიან იმის გამო, რომ მათ არ აქვთ თანხა გაიკეთონ ოპერაცია, ვერ იხდიან თანადაფინანსების თანხას, წამლების და ა.შ.”,- ამბობს ანანო ცინცაბაძე.

ამ თემაზე მომუშავე ადამიანები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ვალიდური სტატისტიკა რომ დათვალოს პირველ რიგში უნდა იცოდეს ვის აღიარებს უსახლკაროდ – მხოლოდ ჭერის არმქონეს თუ მათ, ვისაც გარკვეული თვითნაკეთი ნაგებობები აქვთ, მაგალითად, თავშესაფრად ქცეული. ან აღიარებს თუ არა იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს ქონებაში თვითდახმარების მიზნით არის შესული და ცხოვრობს რადგან სახელმწიფომ სხვა არაფერი შესთავაზა.

ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ „ასეთი სამართლებრივი დეფინიცია ჩვენ არ გვაქვს, არსებობს გარკვეული ჩანაწერი თვითმმართველობის ორგანულ კანონში თუ ვინ არის მიუსაფარი პირი, მაგრამ ეს ჩანაწერი ძალიან ვიწროა და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

“შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი დეფინიცია – ვინ არის უსახლკარო, სახელმწიფო ვერ აწარმოებს ვალიდურ სტატისტიკას. დღეს ჩვენ არ გვაქვს არანაირი ლეგიტიმური ციფრი დავასახელოთ, რამდენია უსახლკარო. თავშესაფრებიდან გამომდინარე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან არ არის ყველა მუნიციპალიტეტში და ესეც სერიოზული პრობლემაა, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში მყოფ ადამიანს მიუწვდება ხელი და ზოგს არა.

დაახლოებით მონაცემზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგალითად, რამდენი ადამიანი მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტს და სთხოვს გარკვეულ სერვისს. ამ ადამიანთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 4 000, 6 000 ყოველ წელიწადს თბილისის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ციფრს გვაწვდის.

მესამე პრობლემა, გარდა იმისა, რომ არ არის დეფინიცია და სტატისტიკა, სერვისების არარსებობაა. უსახლკარობის სერვისების საერთაშორისო სტანდარტებზე თუ ვილაპარაკებთ ძალიან მრავალფეროვანია, არ გულისხმობს მხოლოდ ჭერს, ის ადამიანს აძლევს გარკვეულ საცხოვრის და შემდგომ მკურნალობს მიზეზს, რის გამოც ადამიანი უსახლკარო გახდა.

თუ ადამიანმა საცხოვრისი გაყიდა, იმის გამო, რომ სამსახური ვერ იშოვა, ამ ადამიანს სჭირდება ტრენინგი, რომ შეძლოს არსებულ საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო იმასთან ერთად, რომ მას მისცეს საცხოვრისი, მაგრამ ასეთი სტრატეგია დღეს ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია”, – აცხადებს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი.

 

რას სთავაზობს სახელმწიფო

 

“2019 წელს მივიღეთ თბილისის მუნიციპალიტეტიდან პასუხი, რომ 4 000 მთხოვნელიდან, უსახლკარო სტატუსი, ისიც მერიის მიერ ლოკალურად დადგენილი კრიტერიუმებით მიენიჭა მხოლოდ 44 ადამიანს და აქედან დაკმაყოფილდა 11 ადამიანი. აღნიშნული 11 ადამიანი შესახლდა მაშინ ჯერ კიდევ თავისუფალ, ორხევის სოციალურ საცხოვრისში. ეს არის ერთი შენობა, რომლის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდა და დღესდღეობით , 200-ზე მეტი ადამიანია შესახლებული. ორხევის სოციალურ საცხოვრის აქვს უამრავი პრობლემა, ინფრასტრუქტურა ჩავარდნილია, კედლები არის უთხელესი, ოჯახები ვერ ემიჯნებიან ერთმანეთს, არ აქვთ პრივატული ცხოვრების პირობები. თბილისში, მეორე ასეთია ლილოს თავშესაფარი, რომელიც არის მხოლოდ ღამის გასათევი. ოფიციალური წესის მიხედვით, თუ უსახლკარო ღამეს გაათევს, ის ვალდებულია დილას გავიდეს თავშესაფრიდან”, – აღნიშნავს ანანო ცინცაბაძე.

 

 

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი ვითარებიდან

 

“ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირველ რიგში, ქვეყანას უნდა ჰქონდეს საცხოვრისის სტრატეგიის დოკუმენტი, რითაც უნდა განისაზღვროს ვინ არის უსახლკარო, ვის მოიაზრებს ქვეყანა უსახლკაროდ და შედგეს საკანონმდებლო დეფინიცია.

“შემდგომ უნდა განისაზღვროს ვისი პასუხისმგებლობაა უსახლკაროების მიხედვა და ამ პრობლემის გადაჭრა. საერთაშორისო სტანდარტით ეს არის ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზედამხედველობს ადგილობრივ ხელისუფლებას, ეს უკანასკნელი მოქმედებს და იქცევა იმ პრინციპების საფუძველზე, რასაც ცენტრალური ხელისუფლება კარნახობს და უდგენს.

  • აუცილებელია ჩატარდეს თვისებრივი კვლევები; დავადგინოთ ზუსტი სტატისტიკა, დავადგინოთ რამდენი უსახლკარო გვყავს
  • დავადგინოთ მიზეზები – რატომ დარჩნენ ეს ადამიანები უსახლკაროდ, ხომ არ გვაქვს პრობლემა ფულად საკრედიტო ან ჯანდაცვის სისტემაში
  • აუცილებელია სერვისების განვითარება, რაც პირველ რიგში უნდა მიემართებოდეს კვლევით გამოკვეთილ მიზეზებს – ერთი უნდა ქმნიდეს საბინაო ფონდს და პარალელურად, მიემართებოდეს იმ პრობლემებს, რატომ დარჩა ესა თუ ის ადამიანი უსახლკაროდ.

 

რას გულისხმობს საბინაო ფონდი

 

“ეს არის მარაგი, სოციალური საცხოვრისების, სივრცეების, ასე ვთქვათ, ბინების, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და სოციალური სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე ანაწილებს იმ ბენეფიციარებზე, რომელთაც ეს ნამდვილად სჭირდებათ”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი სოციალური საცხოვრისები, ცალკეული ბინები კონკრეტულ მშენებლობებზე, შეიძლება იყოს ქირის სერვისი, მაგრამ არა დროებითი.

ანანო ცინცაბაძის განცხადებით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთელი რიგი რესურსები როგორ შეაგროვოს ეს ფონდი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ მან მის ხელთ არსებული ყველა გზა გამოიყენა საბინაო ფონდის შესაქმნელად, მათ შორის, დონორები, ბიუჯეტი, მიწის გამოთავისუფლება, მიწის რეზერვი, მშენებლობებში თანხის ჩადება, კონკრეტული სუბსიდიები დეველოპერებისთვის.

“ამას ქართული სახელმწიფო ვერ იტყვის, რადგან არ არის არცერთი ნაბიჯი გადადგმული საბინაო ფონდის შესაქმნელად ცენტრალურ დონეზე, დღეს არსებული სერვისები მუნიციპალურ დონეზე ძალიან მწირია და პრობლემას რეალურად ვერ აღმოფხვრის, რაც შეეხება მზაობას, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად ამუშავებს სოციალურ კოდექსს, რომლის ნაწილიც უნდა იყოს უსახლკარობა და დავიტოვოთ იმედი, რომ ეს სამუშაო ჯგუფი სოციალური კოდექსის ფარგლებში მაინც შეძლებს ღირსეული საცხოვრისის პირობების დამდგენი დოკუმენტის შექმნას”,- განაცხადა “ფორტუნასთან” „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა ანანო ცინცაბაძემ.